ჰერმან კარლ ჰესეს ფილოსოფიური ხედვები…
“ამ გზაზე თევზიდან,ფრინველიდან და მაიმუნიდან ვიდრე ჩვენი დროის მეომარ ცხოველამდე,ამ გრძელ გზაზე,რომლის დასასრულსაც ვიმედოვნებთ ადამიანებად და ღმერთებად ვიქცეთ,შეუძლებელია,რომ “ნორმალურს” ებიძგოს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაეწიოს კაცობრიობა.ნორმალურები მუდამ კონსერვატორები იყვნენ და იქ ერჩივნათ დარჩენა,სადაც ნაკლები ხიფათი ელოდათ.ნორმალურ ხვლიკს არასდროს არ მოუვიდოდა თავში,გაფრენა ეცადა.ნორმალური მაიმუნი არასოდეს არ ინატრებდა,ხე მიეტოვებინა და წელში გამართულს გაევლო დედამიწაზე.ის,ვინც პირველმა გააკეთა ეს,პირველმა იოცნება და შეეცადა ფრთები შეესხა თავისი ოცნებისთვის,ის მაიმუნებს შორის პოეტი და ნოვატორი,შერეკილი და ახირებული ვინმე გახლდათ, და არა ნორმალური.ნორმალურები,ასე მგონია,იმისთვის იყვნენ გაჩენილნი,რათა რომელიღაცა რასის,სახეობისა და ცხოვრების წესის ერთხელ ნაპოვნი ფორმა შეენარჩუნებინათ,დაეცვათ და განემტკიცებინათ.ეს იმისთვის იყო საჭირო,რომ ცხოვრებას საკმარისი მარაგი ჰქონოდა და საყრდენი არ შემოცლოდა.შერეკილები კი იმისთვის გააჩინა ღმერთმა,რომ იხტუნონ და ისეთ რამეებზე იოცნებონ,რაზეც ჯერაც არავის უოცნებია,რათა,ვინ იცის,ერთ მშვენიერ დღეს თევზი ხმელეთზე გამოვიდეს,ხოლო ჩვეულებრივი მაიმუნი ადამიანის მსგავს მაიმუნად იქცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანის თანდაყოლილი და სრულიად ქვეშეცნეული მოთხოვნილება ყოფილა საკუთარი თავი მთლიანობაში აღიქვას.მერე რა ვუყოთ,თუ მას ეს რწმენა ხშირად უცრუვდება! იგი კვლავ და კვლავ აღსდგება ხოლმე მკვდრეთით და განაგრძობს სიცოცხლეს.აი,მსაჯულს,მკვლელის პირისპირ რომ ზის და თვალებში შესცქერის,უეცრად დაუდგება ხოლმე წამი,როცა მკვლელის სიტყვები ყურში საკუთარ ხმად ჩაესმის.იმ წუთში ხედავს,თუ როგორ აირეკლება დამნაშავის ყველა მიზანსწრაფვა,თვისება თუ შესაძლებლობა მის საკუთარ სულში.მაგრამ მსაჯული იმავ წამს ერთ მთლიანობად შეიკვრება,კვლავ მსაჯულად იქცევა,კვლავ აიფარებს თავისი მოჩვენებითი “მეს” ნიღაბს,აღასრულებს თავის ვალს და მკვლელს სიკვდილის განაჩენს გამოუტანს.ხანდახან მაღალნიჭიერ და სათუთი გრძნობებით დაჯილდოებულ ადამიანთა სულში გაიკიაფებს საკუთარი მრავალსირთულის გრძნობა,ისინი,გენიოსთა მსგავსად,გაარღვევენ პიროვნების მოჩვენებითი მთლიანობის ზღუდეს,შეიგრძნობენ თავიანთ დანაწევრებულობას და საკუთარ თავს მრავალ მესაგან აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენენ.აი მაშინ საკმარისია ამის თაობაზე ერთი სიტყვაც კი დასცდეთ,რომ ეს ადამიანები უმრავლესობამ ოთხ კედელს შუა გამოკეტოს,საშველად მოუხმოს მეცნიერებას,დაუდგინოს შიზოფრენია და კაცობრიობას თავიდან ააცილოს საფრთხე ამ უბედურთა ბაგეთგან ჭეშმარიტების მოსმენისა”. – (ავტორი გენია.ჯი)