იოსებ გრიშაშვილი – “ჩემს გველს”
მახსოვს,ნიავს ღრმად ეძინა ზღვის ოქროსფერ სარეცელზე,
მახსოვს,ქარმა ქაცვ-ეკალი გადააჭდო ბუჩქნარს ყელზე;
მახსოვს,წყარო ატეხილ ტევრს უმღეროდა გრძნობით ნანას
და ტოროლა ჰანგად სწნავდა ამ მსოფლიოს გამოცანას.
მახსოვს,გაველ ერთხელ ველად,მუზათ ნახვა მომესურვა,
მახსოვს,ჰანგად ჩამოვქმენი მგოსნის ცრემლი,მგოსნის ურვა,
მახსოვს,შეგხვდი,ბუჩქებს შორის ღიღინებდი,ვარდებს ჰფენდი;
თურმე გსურდა მე გეპოვნე,მე გინდოდი,მე მეძებდი;
გულმა იცნო შენი გული,სულმა იცნო ჩემი სული,
ფიანდაზად გაგიშალე აღმაფრენა,ცად ასული;
გულს ჩაგიკარ,კოცნა გიძღვენ,კოცნა ცრემლთგან შენაერთი…
და მას შემდეგ შენ შეიქმენ ჩემი ცა და ჩემი ღმერთი.
* * *
განქრა ის დრო,ვით მთის თოვლი,ვით სიზმარი მომხიბლავი,
ნაცვლად სულში ჩამეხლართა ფიქრი მწვავე,ფიქრი შავი;
დაიწყევლოს ის კალამი,რომლითაც მე ლექსებს ვწერდი,
დაიწყევლოს ეგ თვალები,ეგ ტუჩები,ეგ გულ-მკერდი!..
დაიწყევლოს ის დღე,ის ზღვა,ის ბუჩქნარი.ის მწვანე ტყე,
სადაც შეგხვდი და ალერსის შხამ-ნაღველი მე შევიტყე.
სად გზა,ეკლით მოქარგული,გავკაფე და გადავლახე,
სად გრიგალის ქვითინს მივე ჩემი სულის სივაგლახე…
რას მერჩოდი! რად დააჭკნე გაუშლელი სიყმაწვილე…
რა ვიცოდი,თუ ოცნებას დააზრობდა სინამდვილე!
და დღეს,როცა მთის ნაკადი ყვავილთ წყებას ჩამოურბენს,
მაგონდება განვლილი დღე და ის გველი ეხლაც გულს ჰკბენს.
* * *
ოცნების ფრთავ! გეყო ქროლვა,ჩაიქსოვე სულს სიჩუმე!..
დე-სანტოსის წყევავ დასცხრი! ბაგევ,ბგერა დაიდუმე!
ვით ივიწყებ ნეტარ წუთებს?.. ან ვით სწყევლი,გულო,იმას,
ვინც შენს გაშლილ ხუჭუჭ ყვავილს ცით აფრქვევდა ცრემლთა წვიმას?
ვინც აჩუქა მგოსანს ლოცვა,ვინც აჩუქა სულს იარა,
ვინც ოცნებით საიდუმლოდ სატრფოს გესლით ეზიარა? -
ოჰ,ბაგენო! ვით სწყევთ იმას,ვინც დაგიხშოთ ტანჯვა,გლოვა,
და სანაცვლოდ თქვენს ხავერდზე ბედის კოცნა ამოქსოვა?
მოდი,გიჟო! არას გერჩი! კვლავ მოშხამე კვნესა სულის:
სულ ერთია,ხომ მსხვერპლი ვარ,მსხვერპლი წმინდა სიყვარულის?!.
მოდი,გველო! მო,დამსუნთქე,მოაფრქვიე ჩემს ფრთებს შხამი:
ნუთუ ქვეყნად ამაოა თვით დასასრულ-დასაბამი?