იოსებ გრიშაშვილი – “ჩემს დანიშნულს”
მაგრამ როცა დავბერდებით,მოვხუცდებით,შევირხევით,
როცა წარსულს მოვიგონებთ ჩიფჩიფით და თავის ქნევით
და ჩვენს თმებში,ოქროს თმებში როს შევამჩნევთ ვერცხლის სიმებს:
ნეტავ კიდევ ჩვენი გული ასე გრძნობით გაიღიმებს?
გაიღიმებს! რადგან სული – შეყვარებულთ წმინდა სული -
თვით ბუნების დროთა ცვლაშიც არ იქნება დაქსაქსული
და ეს ჟინი ჭაბუკური,ეს ქცევა და ეს თარეში
თან ჩაგვყვება სამარეში.
* * *
მაშინ წავალთ ნაცნობ ტბასთან,სადაც სიყრმე გავატარეთ:
სადაც ეჭვით ვივსებოდით,სადაც გულით ვინეტარეთ,
და მოვნახავთ ჩვენს ნაცნობ ბუჩქს,ბუჩქს ჩარდახით გადმომდგარსა,
ერთის გრძნობით ალესილნი მოვუსხდებით ირგვლივ გარსა,
და დღეს,როგორც თეთრი სიო ანაოჭებს ტბის თეთრ სიცილს,
ისე მაშინ,შენი სუნთქვა შუბლს გამიხსნის,შუბლს დაკეცილს -
და იმღერებს წარსულის ჰანგს მომავალის მგოსნის სიმი
აწმყოს ჩანგზე დანაჭიმი.
* * *
და არ დავწერ არც ერთ სტრიქონს! და არ გეტყვი არც ერთ ბწკარსა,
ცრემლს თვალთაგან აღარ მოვსხლეტ,ცრემლს სტვირივით მონაწკარსა.
და ეგ შენი სილამაზე,ჯერ არვისგან არნახული,
მხოლოდ გულში იყვავილებს,იქ მექნება შენახული.
და დავხურავ გულის სარქველს,დავადუმებ ჩემს ჩანგს ქებულს,
ცხად სიზმრებში გაბანავებ საოცნებოდ აფეთქებულს.
და დაშრება ოკეანე,დაირღვევა თვით კლდე,ხოლო
არ ექნება ტრფობას ბოლო.
* * *
დღეს მე სიკვდილს სულ არა ვგრძნობ,სიცოცხლესაც ვერ განვიცდი,
და ღვთის ტალანს რომ ვეწვიო,რა ხანია უკვე ვიცდი.
დღეს უხვი ვარ… დღეს მსურს ყველას გავუმჟღავნო დაფარული,
დავიჩემო დრო და სივრცე,შევიყვარო სიყვარული, -
მაგრამ – მაშინ – შევიქნები ისე ძუნწი და კრიჟანგი,
რომ თვით შენგან მონაცემი ჩემი გრძნობა,ჩემი ჰანგი
და თვით ქალის საიდუმლო და თვით მგოსნის წმინდა ვნება
მოგერთმევა ნება-ნება!
* * *
ჯერ კი… ჯერ კი პატარა ხარ,პაწაწკინა,ახალგაზრდა,
ჯერ ეგ ტუჩი ანაკოკრი კოცნით ვერც კი ალამაზდა,
ჯერ ნორჩი ხარ,ჯერ ცრემლიც კი არ ამშვენებს მაგ შენს თვალებს,
მარალივით დაცქრიალობ და ევლები მთის მწვერვალებს,
ჯერ ვერ იგრძნობ ლექსის გრძნობას,თვით გრძნობისგან ნაკარნახევს,
ჯერ ეგ შენი მასლაათი ხან ცელქი და ხან კისკისა
აკორდია მუსიკისა.
* * *
მაგრამ როცა დავბერდებით,მოვხუცდებით,შევირხევით,
როცა წარსულს მოვიგონებთ ჩიფჩიფით და თავის ქნევით
და ჩვენს თმებში,ოქროს თმებში როს შევამჩნევთ ვერცხლის სიმებს:
ნეტავ კიდევ ჩვენი გული ასე გრძნობით გაიღიმებს?
გაიღიმებს! რადგან სული – შეყვარებულთ წმინდა სული -
თვით ბუნების დროთა ცვლაშიც არ იქნება დაქსაქსული
და ეს ჟინი ჭაბუკური,ეს ქცევა და ეს თარეში
თან ჩაგვყვება სამარეში!