მარკუს ტულიუს ციცერონის აღსასრული…
რომში მიმავალმა ტრიუმვირებმა (სამი პოლიტიკური ან სამხედრო ლიდერის გაერთიანება) – მარკუს ანტონიუსმა,ოქტავიანე ავგუსტუსმა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსმა,ბრძანება გასცეს,რომის სენატის 17 ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი სენატორი მოეკლათ და მათთვის ქონება ჩამოერთვათ.იმ ჩვიდმეტ სენატორს შორის საგანგებოდ იყო დასახელებული გენიალური რომაელი მოაზროვნე,პოლიტიკოსი და ადვოკატი – მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები),რომელიც თავის მხრივ მკვეთრ ოპოზიციზში ედგა ტრიუმვირებს.
მკვლელობების ახალი,უსასტიკესი სერია იწყებოდა რომში.
არავინ იცოდა რამდენი უნდა მომკვდარიყო და ვინ უნდა მომკვდარიყო.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ გავეშებული ტრიუმვირების ჯალათების ხელიდან დასხლტომას უამრავმა რომაელმა გაქცევით აარიდა თავი.გაქცეულთა შორის ერთ-ერთი ციცერონიც იყო. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ტრიუმვირები რომში შევიდნენ,ფორუმ რომანიუმზე სასწრაფოდ სახალხო კრება შეჰყარეს და მათი უმაღლესი ძალაუფლების დამტკიცება მოითხოვეს.შეწინააღმდეგება ვერავინ გაბედა და კრებამაც მაშინვე მისცა დასტური… და დაიწყო რომში სისხლისქცევა… სიკვდილი ემუქრებოდა ყველას,ვინც სიკვდილმისჯილს შეიფარებდა ან გაქცევაში შეუწყობდა ხელს.სამაგიეროდ პროსკიბრიბირებულის გამჟღავნებისა და შეპყრობისათვის წესდებოდა დიდი ჯილდოები (მაგალითად,რომის თავისუფალ მოქალაქეს,ამა თუ იმ ადამიანის გაცემისათვის ჯილდოდ 25 000 დენარიუსი გადაეცემოდა,ხოლო მონას 10 000 დენარიუსი,პლუს რომის მოქალაქეობითურთ).
მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ პირველი ვისაც ტრიუმვირების რომში შესვლის შემდეგ სიკვდილი მიესაჯა,გახლდათ თავად ტრიუმვირების ერთ-ერთი წარმომადგენლის – ლეპიდუსის ღვიძლი ძმა – პაულიუსი,ხოლო მეორე ადამიანი,ვისაც ასევე სიკვდილი მიესაჯა გახლდათ ტრიუმვირატის მეორე წარმომადგენლის – ანტონიუსის ბიძა (დედის ძმა) – ლუციუსი.
ყოველივე ამის შემდეგ,ალბათ ადვილი წარმოსადგენი იქნება,თუ როგორ დაუნდობლად გაუსწორდებოდნენ ისინი სხვა ადამიანებს. და დაიწყო.ჯერ გამოაქვეყნეს სიკვდილმისჯილთა პროსპრიკცია, 130 სენატორის სახელით.ამას მოჰყვა მეორე – 150 სახელით.მერე და მერე – პროსპიკცია 300 სენატორის სიკვდილით; პროსპიკცია 2000 მხედრის სიკვდილით. და დაიძრა,დინება სისხლისა…
იმ პერიოდის სულიერად უკიდურესად დაცემულისა და დაკნინებული “მსოფლიოს ცენტრის” – რომის შემთხვევაში სრულიად გამართლდა ერთი გონიერი კაცის გამონათქვამი: “ადამიანებს ერთმანეთის გამეტება და გაცამტვერება უფრო ეხერხებათ,ვიდრე ერთმანეთის ატანა და გატანაო”. (ავტორი გენია.ჯი) მეზობელი მეზობლის გვარს აწერდა პროსპიკციაში (ადამიანების განდევნა,გაძევება,სიკვდილით დასჯა,კანონგარეშედ გამოცხადება),მეგობარი – მეგობრის სახელს,შური,სიხარბე,კაცთმოძულეობა მძვინვარებდა “მარადულ ქალაქში”,სრული თავაწყვეტილობით.პროსკრიბირებულებს ხოცავდნენ ყველგან,სადაც კი წაეწეოდნენ მათ – ქუჩებში,სახლებში,მოედნებზე,საწოლებსა და სალოცავებშიც კი.სისხლით გაუმაძღარი ტრიუმვირები ბავშვებსაც კი არ ზოგავდნენ.მათ ტოგას აცმევდნენ და პროსკრიპციებში მათი სახელი ისე შეჰქონდათ,თითქოს სრულწლოვანები იყვნენ.მოღალატე ცოლები ქმრებს იმეტებდნენ სასიკვდილოდ,შვილები – მამებს,მოვალეები – მევალეებს.რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ მკვლელობები ხდებოდა გეგმიურად,ანგარიშითა და ერთმანეთზე მიყიდვ-მოყიდვით.
სწორედ ამ სისხლიანი ჯოჯოხეთის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო,თავისი უდიდესი ინტელექტითა და განსაკუთრებული ორატორული სახელოვნებო ნიჭით შემკული ციცერონი,რომლის სახელიც პირველივე პროსკრიპციაში შეიტანა ტრიუმვირებმა (თავდაპირველად ციცერონის სახელის პროსკრიპციაში შეტანას არ ეთანხმებოდა ოქტავიანუსი,თუმცა მარკუს ანტონიუსის დაჟინებული თხოვნის შედეგად ისიც დათანხმდა).
ამ დროს ციცერონი ტუსკულუმში იმყოფებოდა საკუთარ ვილაში თავის უმცროს ძმასთან,კვინტუსთან ერთად.როდესაც მას ზემოანიშნული ინფორმაცია მიაწოდეს,თავზარდაცემული ძმები სასწრაფოდ ტახტრევანში ჩასხდნენ და ასტურიაში გამგზავრება გადაწყვიტეს,საიდანაც მაკედონიაში უნდა გადასულიყვნენ.
სანამ ასტურიაში მივიდოდნენ,კვინტუსი უკან გამობრუნდა,რათა აჩქარებისას დავიწყებული სურსათი წამოეღო და ისევ დასწეოდა უფრო ძმას.მაგრამ მალევე,კვინტუსი და მისი ვაჟი ანტონიუსის მაძებრებმა აიყვანეს და დახოცეს.
ციცერონი ასტურიაში მარტო ჩავიდა,რის შემდეგაც ხომალდზეც ავიდა,თუმცა თავი ცუდად იგრძნო და ხმელეთზე დაბრუნება ითხოვა.ტრიუმვირების მიერ წარგზავნილმა ციცერონის მკვლელებმა,რომლებიც კვალში უდგნენ გაქცეულს და რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ – სამხედრო ტრიბუნი (ლეგიონის მეთაური) პოპილიუსი და ცენტურიონი (ასმეთაური) ჰერენიუსი,იმ სახლს მიაკვლიეს,სადაც ციცერონი აფარებდა თავს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ პოპილიუსი,რომელმაც საკუთარი მამა მოკლა,სწორედ ციცერონმა იხსნა უცილობელი სიკვდილისაგან,რადგან სასამართლოზე წარმოთქმულმა ციცერონის დაცვითმა სიტყვამ შეუნარჩუნა მას სიცოცხლე.შესაბამისად,იგი ძალიან ახლოს იცნობდა თავის ყოფილ ადვოკატს ციცერონს.მიუხედავადც ამისა,სწორედ ის მიუძღოდა თავისი მხსნელის მკვლელებს.
ციცერონის მდევარები სახლს დაეტაკნენ,თუმცა იგი დაკეტილი აღმოჩნდა.ის იყო მდევარ-მკვლელები უკან ხელცარიელი უნდა გაბრუნებულიყვნენ,რომ უცებ,ერთი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და იყვირა – მე გაჩვენებთ,სადაც არის ციცერონიო.ეს ყმაწვილი გამცემი ციცერონის ძმის კვინტუსის გააზატებული მონა გახლდათ,თავად ციცერონის მიერ აღზრდილი,განსწავლული და განათლებული,სახელად – ფილოლოგიუსი.
და აჩვენა ფილოლოგიუსმა მკვლელებს ბილიკი და ხეივანი,რომლითაც მსახურებს მიჰყავდათ თავიანთი ბატონი.ჰერენიუსი დაწინაურდა,რამდენიმე თანმყოლიც აიყოლია და ტახტრევნით მიმავლებს გზა გადაუჭრა.ციცერონმა თავისიანებს უბრძანა ტახტრევანი ძირს დაეშვათ და დაედგათ.მას ირგვლივ მკვლელები შემოერტყა.
იგი გადმოვიდა ტახტრევნიდან,თავისი ჩვეულებისამებრ მარცხენა ხელი ნიკაპს შეუყრდნო და ისე მიაშტერდა მომხურებს.მისმა ფერდაკარგულმა,წვერგაბურძგვნილმა და სულიერი მღელვარებით ტანჯულმა სახემ წუთით გააქვავა ყველა მომდური.ისევ ყველას დაასწრო ჰერენიუსმა და ციცერონზე მახვილი აღმართა.მკვლელებმა მზერა ვეღარ გაუმართეს უდიდეს რომაელს და სახეზე ტოგები აიფარეს.გაისმა მახვილების შხუილისა და ჩახანის ხმები.
რომაელი ხალხის უდიდესი შვილი მკვდარი დაეცა.ქრისტეშობამდე სულ რაღაც 43 წელი დარჩენილიყო.მოკლული გახლდათ 64 წლის ასაკში მყოფი გენიალური მოაზროვნე – მარკუს ტულიუს ციცერონი…
მკვლელებმა ანტონიუსის უკანასკნელი ბრძანებაც შეასრულეს: ციცერონს ჯერ თავი მოჰკვეთეს,შემდეგ მარჯვენა ხელი,რომლითაც იგი სიცოცხლეში ანტონიუსის საწინააღმდეგო ფილიპიკებს წერდა და ისინი “ძღვნად” ანტონიუს გაუგზავნეს.
იმ დროს,როდესაც ანტონიუს “ძვირფასი საჩუქარი” მიართვეს,იგი რომის ფორუმში იმყოფებოდა.სასიხარულო ცნობით აღტკინებულმა მტარვალმა დაიღმუვლა: “ახლა კი დამთავრდა პროსკრიპციები!” და იგი არც ტყუოდა,რადგან მოკლული იყო ის ადამიანი,რომელიც მთელს სახელმწიფოში მისთვის ყველაზე საშიშ და საძულველ პერსონას წარმოადგენდა.ანტონიუსმა ციცერონის თავი და მარჯვენა ხელი ტრიბუნაზე დაალაგა ხალხის საცქერლად.ხალხიც სამარისებური მდუმარებით უცქერდა – დიადი ციცერონის ნაშთებსაც და სულმდაბალი ანტონიუსის უსაშინლეს დაცემასაც.ანტონიუსის ბრძანებით,ციცერონის მკვლელებს,დაწესებულ ჯილდოზე ათჯერ მეტი გადასცეს.
რამდენიმე დღე კვლავ გრძელდებოდა წამება უდიდესი მოაზროვნის თავისა და მარჯვენისა: ისინი ანტონიუსს ყოველი სადილობისას სახლში მიჰქონდა,სასადილო ტაბლაზე ალაგებდა,უცქერდა და ტკბებოდა.ანტონიუსის აშარმა ცოლმა,ფულვიამ,ქინძისთავით დაუჩხვლიტა ენა ციცერონს.ყოველ ნასადილევს ისევ ფორუმზე მიჰქონდათ და ტრიბუნაზე ჰკიდებდნენ ციცერონის წამებულ ნაშთებს.იმ ტრიბუნაზე,საიდანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ,იგი აფრქვევდა გასაოცარ,ღვთაებრივ სიტყვებს. და ახლაც მოდიოდა ხალხი,მოდიოდა მისი მკვდარი,ნაწამები,მდუმარი სახის სახილველად – მოდიოდა უფრო მეტიც,ვიდრე ადრე,მისი სიტყვის მოსასმენად… (ავტორი გენია.ჯი)
მარკუს ანტონიუსი (ციცერონის დაუძინებელი მტერი და მისი ვერაგი მკვლელობის სულისჩამდგმელი)
ოქტავიანე ავგუსტუსი (ტრიუმვირატის მეორე წარმომადგენელი)
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირატის მესამე წარმომადგენელი)
“ციცერონის მკვლელობა”