ვაჟა-ფშაველა – “როს ვუკვირდები თავის-თავს”

როს ვუკვიდები თავის-თავს

და არ ვემდური მეტადა:

მადლს დავთვლი ათასობითა,

ცოდვა სამ რჩება კენტადა,

მხრები მესხმება,ვიზრდები,

ცად ვიწევ ასაფრენადა;

გაჩნდება საით ნათელი,

გულს ჩამიდგება სვეტადა;

ზღვავდება მწყობრი სიტყვები

ქაღალდზე დასაბერტყადა;

მითრთიან გულის სიმები

სიამოვნების ღმერთადა.

არა ვსთქვა,არ შემიძლიან,

მონა ვარ მაშინ ჩანგისა;

ნაცნობნი მეუბნებიან:

“ჭირიმე შენის ჰანგისა!”

თავადაც მომწონს: საამოდ

ხმა მწყობრად ადის-დადისა;

ჰქუხს ჩანგი,აღარ ისვენებს,

მეც მხოლოდ მღერა მწადისა;

იშლება,მღერაში დნება

ბუდე ყველა სხვა დარდისა.

ზღვად ვცურავ ნეტარებისა,

წვერი ხელთა მაქვს კალთისა,

უფლის და მისთა მსახურთა

ლოცვა-კურთხევა მამდისა;

კალთაში ვარდი მეშლება,

თავზე მანანა დამდისა.

მადლობელი ვარ მშობლისა,

ჩემის გაჩენის,გაზრდისა.

და თუ ცოდვები მომჭარბდა,

სდუმს ჩანგი,გული ბნელია,

ვცდილობ,რომ ლაღად ვიმღერო,

სიტყვა გავლესო ცხელია;

ამაოდ ვტანჯავ თავის-თავს…

ვამხელ და გასამხელია:

იგივ მარჯვენა და კაცი,

იგივ კალამი მჭრელია,

დაჩლუნგებულა,დამდგარა,

შემოჰხვევია გველია.

ჯოჯოხეთში ვარ,ვიწვები,

გაჩენის დღესა ვწყევლია.

ასე ყოფილა,მგოსანსა

თუ მადლი გამოელია.

კომენტარის დატოვება