თეიმურაზ I-ის მონოლოგი და აღსარება…
ასტრაბადის ციხეში (ირანი) გამომწყვდეული თეიმურაზ I-ის მონოლოგი:
“იქნებ ესაა ყოველივე ის,რასაც სიჭაბუკის ჟამს ცხოვრებისაგან მოველოდი.იქნებ სიცოცხლე უსარგებლო ტვირთად იქცევა ჟამთასვლასთან ერთად და სიყმაწვილესა და ჭაბუკობაშივე გვადნება ხელთ ზეაღმტაცი შეფრფინვის საგანი.იქნებ საწყაული აღვსებულია,ცხოვრებისაგან არც რა უნდა მომეთხოვა და აღსასრულიც სანატრელი შემექმნას.ანდა რად მინდა ეს გრძელი ჟამი? რა სიამის მომგვრელია წელთა სიმრავლე,რასაც ადამიანები ერთმანეთს უსურვებენ ხოლმე? სიბერე ხომ უძლურებაა კაცთა და მაგას ალბათ დროული აღსასრული სჯობია! რაღა თქმა უნდა,აჯობებს,რადგან ფუჭი ცხოვრების,ამაოების,ტანჯვის და ამდენი სიცრუის მერე კაცი მარადიულ სიმშვიდესთან შეიქმნება წილნაყარი.ვინც ცხოვრებას იცნობს,იმას უადვილდება კიდეც მასთან გაყრა. (ავტორი გენია.ჯი) მაშ,რად უნდა მეუფლებოდეს ამაოებაზე ფიქრი… არავინ არ მინდა დავინახო,არაფერი მინდა ვიგრძნო,აღარაფერი მახარებს,აღარავისთან საუბარი აღარ იტაცებს ჩემს გულს და სულიდან ალბათ ვეღარასოდეს ავიყრი დანალექ სევდას…თითქოს ლოდი მადევს გულზე,მთრგუნავს და მახრჩობს,აღარავინ მებრალვის ამ ქვეყნად,ყველაფერმა დაჰკარგა აზრი,სახოებამ უღონოდ დაკეცა ფრთები,განწირულება და სასოწარკვეთა მეუფლება,ჯიქურ მოვარდა მარტოობა,დაინთქა ყველა ჩემი ოცნება,ყოველივე მოიშალა ღვთიურის ძალით და კაცს აღარ ძალუძს უფლის ნებით წაშლილის აღდგინება… სამუდამოდ დაკარგულზე სევდამ შემიპყრო,ცრემლნი მეძალვის,გარნა მებრძოლ კაცს ტირილისა მრცხვენია,ხსნის გზა კი დამეხშო.მარტო ვარ ქვეყნად და ქვეყნის პატრონი კი მერქვა.ვიეთნი ალბათ იმასაც ფიქრობენ,რომ ბედნიერების ზღვაში ვცურავდი,რაკი მეფე ვიყავი… რა იციან უგუნურთ,რა სამსალითა მაქვს მოწამლული სული,როგორი ნალესი სევდა მაწევს გულზე,განსაწმელდელში მყოფივით როგორ ვევნე,ვეწამე და საშველს ვერა ვხედავ! უბედურებამ მაიძულა მეცრუა ამ ქვეყნად,ამის გარეშე ცხოვრება ვერ შევძელი და შევინანი! მხოლოდ აღსასრულში ვჭვრეტ დახსნას სულისა,რადგან სიცოცხლე ტანჯვა და გამოცდა ყოფილა კაცთა.სიკვდილი დახსნა ყოფილა სულისა სხეულებრივი მონობისაგან.ალბათ სიკვდილით თავისუფლდება სული და მარადიული სამყოფელისაკენ ისწრაფვის ზეცად.ალბათ ამიტომაა სიკვდილი ამაღლება ცათა შინა,სადაც იგი იმავე სულებს უერთდება,ვისგანაც საწყისი მიიღო.დაილოცა ღვთის სამართალი,ყოველივე კანონზომიერად ხდება.ძველი ახლის წინაშე უნდა ქურციკივით თრთოდეს აღსასრულის მოლოდინში,მაგრამ დათმობა წამისა,დათმობა სიცოცხლისა,გასვლა ამ ქვეყნიდან,სადაც ვეღარასოდეს მოხვალ,როგორია? სდექ,წამო,წინ ნუღარ ისწრაფი,ანდა რად მინდა ეს ცრუ წუთისოფელი? აჩქარება მმართებს!
ჩემზედ ახდა მოციქულის წყევლად ნათქვამი სიტყვები: იმდენ ხანს იცოცხლე,ყველა შენი ახლობლის უბედურებას შეესწარიო.ავად მომექცა საწუთრო,ცოცხალს არ მაღირსა ჩემს ქვეყანაში ჩემს მიწაზე ცხოვრება და ახლა,ალბათ სამარეც სპარსთა მიწაში უნდა გამითხარონ…” – (ავტორი გენია.ჯი)
თეიმურაზ I-ის აღსარება:
მომაკვდინებელი შხამი,პატიმარყოფილ მეფეს შაჰ-აბას მეორის ბრძანებით საჭმელში რომ შეაპარეს,თავის მკრჩხალ ბრჭყალებს უკვე ძალუმად ავლენდა.მუცელმა გვრემა რომ ისევ დაუწყო,იგრძნო,სიკვდილი ეწვია,საკანის კარზე დააბრახუნა და მედილეგეს შესთხოვა,ჩემი მღვდელი მომგვარეთ,მინდა,ქრისტიანული წესის დაცვით აღვესრულოო.მღვდლის ნაცვლად მედილეგეებმა მომაკვდავთან პატიმარი აგათო ვაჩნაძე შეუშვეს.ძლიერი შხამის წყალობით თეიმურაზს თვალებში უკვე ნისლი ჩასდგომოდა,პატიმრის შავი სამოსი მღვდლის ანაფორად ეჩვენა,ზიარება მოსთხოვა და საუბარი გაუბა:
- მთელი ჩემი სიცოცხლე ვებრძოდი სპარსელებს და მათი ენის ხოტბა დამცდა.უგუნურებითა და პირმოთნეობით არ მომსვლია,სპასთა პოეზიის დიდმა სიყვარულმა მათქმევინა.შენდობას ვითხოვ!
- შეგინდოს მოწამეობის,თვითგანწმენდისა და სინანულის ღმერთმა!
- სისხლიერი ნათესავი ცოლად მესვა,არც ეს ამბავი ყოფილა ნებსითი და ჩემი სურვილით,ძალად დამაქორწინეს,მიყვარდა,მაგრამ შევინანი და უფლისაგან პატიებას ვითხოვ!
- შეგინდოს უფალმა! – ყრუდ წარსთქვა აგათო ვაჩნაძემ,მომაკვდავი რომ დაეწყნარებინა.
- რაინდული წესი და რიგი,ძმობა-მეგობრობა და ვაჟკაცური შემართება ხანდახან უფრო მეტად მიმაჩნდა და უფრო ვაფასებდი,ვიდრე საქმე საქვეყნო!
- შეგინდოს უფალმა!
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს,ჩემს სიძეს – ზურაბ არაგვის ერისთავს,გიორგი სააკაძეს სიცოცხლის დღენი დავუმოკლე,ბაზალეთში ძმათა სისხლი დავღვარე,არც ეს ყოფილა ჩემი ნებითა და სურვილით,შენდობას ვითხოვ უფლისაგან…
მეტის თქმა საწამლავმა აღარ დააცალა.ღმერთთან ქართულად საუბრობდა,სინანულიც ქართულად წარმოსთქვა,შენდობაც ქართულად ითხოვა და ვედრებაც ქართულად აღავლინა. (ავტორი გენია.ჯი) აღსარებისას და ლოცვისას კაცი მარტოა,უფალს უშუალოდ მიმართავს და ყოველ კაცს აგრე ჰგონია,რომ ღმერთი მის ენაზე მეტყველებს.
შეჰგრაგნეს გვამი ხელმწიფისა არდაგსა წმიდასა,წამოიღეს და დაფლეს ალავერდში.
შაჰის უკანასკნელი განკარგულება თეიმურაზის მიმართ აღსრულდა.
ასეთია წყალობა დროის ხელისუფალთა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ელგუჯა მაღრაძის წიგნიდან – “რად სოფელო…”