იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “ღმერთი და ბაიადერი”
მეექვსეჯერ მიატოვა
მაჰადორმა ზეცა ვრცელი,
სურს გაიგოს მიწის შვილთა
სიამე და სატანჯველი.
საცხოვრებლად გაიხადა
სამფლობელო დედამიწა,
დამნაშავეს არ იბრალებს,
დაჩაგრულს და მართალს იცავს.
* * *
როს ქალაქი ინახულა გზად მავალმა წყნარად,
ძლიერთ ზიზღით გადახედა,მცირეთ – დაეხმარა.
დაისის ჟამს,მარტოდ-მარტო გზას გაუდგა კვალად.
* * *
უკანასკნელ სახლთან როცა
მიაღიწა,მოჰკრა თვალი:
დგას საეჭვოდ შეღებილი
ახალგაზრდა,ტურფა ქალი.
- გამარჯობა,ქალიშვილო!
მან მიუგო: – გმადლობთ გულით!
- შენ ვინა ხარ? – ბაიადერა,
ეს კი – სახლი სიყვარულის.
* * *
და ისწრაფვის საცეკვაოდ,ააჟღერებს ებანს,
შეირხევა მომხიბვლელად,როკავს,იკლაკნება;
სტუმარს ვარდებს მიაწოდებს,თვალში უკრთის ვნება.
* * *
და ალერსით იწვევს სახლში
მოუბარი ტკბილი ენით:
- მშვენიერო,შენთვის მყისვე
გაბრწყინდება ქოხი ჩემი.
დაგაპურებ,დაგიამებ
ფეხთა ტკივილს,დაღლილს გზაში.
სიხარული და სიმშვიდე
შენ მოგელის ჩემს ბინაში.
* * *
და დაუცხრო მოგონილი ტკივილები მწველი,
ღმერთს სახეზე აღებეჭდა ღიმი სანატრელი,
გარყვნილ ქალის არსებაში ჰპოვა გული წრფელი.
* * *
მყის დაიპყრობს ასულს ღმერთი,
შთაუნერგავს მონურ ნდობას;
ხელოვნური ჩვევის ნაცვლად
მასში აღძრავს ნამდვილ გრძნობას.
ასე სწრაფად მოაქვს ხოლმე
ვარდს ნაყოფი სანუკვარი
და მორჩილ სულს ეუფლება
სიყვარულის წმინდა ალი.
* * *
მაგრამ ღმერთს ჯერ მაინც არ აქვს ქალის ნდობა სრული,
ცდილობს კარგად შეამოწმოს გრძნობა სიყვარულის;
ხან აამებს,ხან აღუძრავს ტკივილს ნაზი სულის.
* * *
შეღებილ პირს ჰკოცნის ღმერთი,
ქალი ტრფობის სევდით დნება,
დგას ჯადოთი შეპყრობილი
და პირველად ატირდება.
დაეცემა,არ იტაცებს
ავხორცობა და არც ფული.
ცეკვაც აღარ შეუძლია,
მოუდუნდა მხნე სხეული.
* * *
დღე დასრულდა,ღამის ბინდი ბარს ეწვია ციდან,
სარეცელმა მათი ტანი თვისკენ მიიზიდა
და სიჩუმის საბურველი დააფარა მშვიდად.
* * *
ქალი როცა გაიღვიძებს,
ათრთოლდება რეტდასხმული,
ხედავს: სტუმარს უსაყვარლესს
აღარ უცემს მკერდში გული.
მოეხვევა ძვირფას სხეულს,
შემზარავად ჰგოდებს,კვნესის.
და ცხედარი ქურუმთ კრებულს
მიაქვთ ალის სამარეში.
* * *
ტირილი და გოდების ხმა ეფინება არეს,
ქალი უფრო გახელდება,ჰკივის და მღელვარებს.
- ვინა ხარ შენ? – მიმართავენ – რად გდის ცრემლი ცხარე?
* * *
საკაცესთან დაემხობა,
მისი კვნესა ჰაერს აპობს:
- ის მეუღლე იყო ჩემი
და მსურს მასთან დავიმარხო.
ეს ღვთიური სახე განა
მიწით უნდა ჩაიქოლოს?
არა,მას ვერ მივატოვებ,
იგი იყო ჩემი მხოლოდ.
* * *
კვლავ გაისმის ქურუმების ღაღადისი წყნარი:
“სამარეში მიგვაქვს ყველა,განურჩევლად გვარის,
მოხუცი თუ ახალგაზრდა ჩვენთვის ერთი არის.
* * *
“ქურუმთ სწავლას უგდე ყური,
გესმას მათი ნაუბარი.
შენ ცხოვრობ ვით ბაიადერა,
ის არ იყო შენი ქმარი.
სამარეში ტანს მიჰყვება
მხოლოდ თვისი ჩრდილი მკრთალი,
ქმარს – მეუღლე და ეს არის
მისი უწმინდესი ვალი”.
* * *
“მაშ დაჰკარით ბუკი ჩქარა,სადიდებლად სულის,
ო,წაიღეთ თქვენ,ღმერთებო,დღეს მშვენება სრული,
ო,წაიღეთ თან ჭაბუკი ალში გახვეული”.
* * *
და ეს ჰანგი ულმობელი
ქალს უმატებს ცრემლთა ფრქვევას,
უცებ გაშლის იგი მკლავებს,
სიკვდილის ცეცხლს ჩაეხვევა.
მაგრამ ღმერთი შეირხევა,
მყის გააპობს ცეცხლის ზოლებს,
ხელებს მოჰხვევს ბედკრულ ასულს
და სივრცეში გააქროლებს.
* * *
ცოდვების მონანიება ღვთაებას ახარებს,
ებრალება დაცემული ბავშვი ქვეყნის მფარველს,
ცეცხლოვან მკლავს შემოხვევს და ცისკენ გააქანებს.
P.S. ეს შესანიშნავი ლექსი – გოეთემ ერთ-ერთი ინდური ლეგენდის მიხედვით დაწერა.ლექსის თარგმანი გაკეთებულია ხარიტონ ვარდოშვილის მიერ.