ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო – “თავდასხმა ჯუნგლებში”
“თავდასხმა ჯუნგლებში” (ტილოს ფრანგული სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმნება,როგორც – “ვეფხვი ტროპიკული ქარიშხლის დროს”) - წარმოადგენს დიდი ფრანგი პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვრის - ანრი ჟულიენ ფელიქს რუსოს (1844-1910 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით შესრულებულ შესანიშნავ სურათს.ტილოს სიმაღლე 130 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 162 სანტიმეტრი.რუსომ მასზე მუშაობა 1891 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “თავდასხმა ჯუნგლებში” ავტორის მიერ შერულებული პირველი ნამუშევარია,რომელიც ჯუნგლების თემატიკას ეხება (მოგვიანებით რუსომ ჯუნგლების თემატიკაზე სურათების მთელი ციკლი შექმნა,რომლებმაც მას,როგორც დიდი მხატვრის სახელი შესძინა).
ტილოზე გამოსახულია ჯუნგლებში მონადირე ვეფხვი,რომელიც მსხვერპლზე თავდასხმისთვის არის მომზადებული (რუსო ირწმუნებოდა,რომ მტაცებელი თავდასხმას ჯუნგლების მკვლევართა ჯგუფზე აპირებდა).სურათის უკანა ფონზე ფანტასტიკური ფერთა გამით არის გამოსახული ტროპიკული ქარისაგან და წვიმისაგან შერხეული ხეები.ზეცაზე კი კარგად ჩანს ელვის თეთრი ხაზები.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ანრის ჯუნგლებისადმი მიძღვნილი პირველი ტილოს მიღებაზე და აღიარებაზე უარი განაცხადა საფრანგეთის სახვითი და სკულპტურული აკადემიის ჟიურიმ,რის შემდეგაც იგი ავტორმა 1891 წელს,პარიზში ეგრეთ წოდებულ – “დამოუკიდებლების სალონში” წარმოადგინა,თუმცა სურათს სახელწოდება შეუცვალა და - “სიურპრიზი!” – უწოდა.ანრი ჟულიენ ფელიქს რუსოს მიერ შექმნილი ტილო მრავალი კრიტიკოსის დაცინვის ობიექტად იქცა.ზოგიერთი მათგანი ტილოს “ბავშვურ ნამუშევრადაც” კი მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ,მხატვრისდა საბედნიეროდ,მოიძებნენ ისეთი ადამიანებიც,რომლებმაც ჩასწვდნენ სურათის ღრმა შინაარსს.მათ ისიც კარგად გაითვალისწინეს,რომ აღნიშნული სურათი ავტორმა ისე დახატა ჯუნგლებში ერთხელაც რომ არ ყოფილა ნამყოფი.რუსომ სურათის სიუჟეტი სხვადასხვა წიგნების,სურათების,პარიზის ბოტანიკური ბაღისა და ზოოლოგიური გალერეებიდან გადმოიღო (როგორც ვარაუდობენ,ვეფხვის ფიგურა ავტორმა გენიალური ფრანგი მხატვრის – ეჟენ დელაკრუას ერთ-ერთი ნახატიდან აიღო).
მიუხედავად უამრავი ირონიისა და კრიტიკისა,მალე რუსოს ნახატმა – “თავდასხმა ჯუნგლებში” იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა,რომ იგი საფრანგეთში გამართული მრავალი გამოფენის ერთ-ერთ უმთავრეს ექსპონატად იქცა.ანრის შემოქმედებასა და ტალანტს კი პატივს მიაგებდნენ ისეთი გენიალური მხატვრები,როგორებიც გახლდნენ – პიკასო,ანრი მატისი და ტულუზ-ლოტრეკი.
დღესდღეობით,ანრი ჟულიენ ფელიქს რუსოს ტილო – “თავდასხმა ჯუნგლებში” დაცულია ლონდონის ეროვნულ გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)