ჯანო შენგელია – “ლექსი რომელიც…”

წვიმს,ისევ ფეთქავს სინანული სხვების ან ჩვენი,

ბოლო ნაფაზი შავ ღრუბლებთან მართავს მარათონს,

ჰქონდა მიზეზი არაფერი ალბათ დარჩენის,

სულში ნუგეშად შეკედლებულ ციცქნა ქალბატონს.

რა მეშველება? ოცნებები ისევ დროს მიაქვს,

თეთრმა მტრედებმაც მიატოვეს ძველი საყდარი,

ნახავ,ძვირფასო,წლების შემდეგ პოეტს ბოთლიანს,

როცა პირველად გაიღება კარი სამარის.

როცა თავანი აირეკლავს სულის ნამცეცებს,

ჩაეძინებათ ბებერ ხეებს ზღვების ლივლივში,

ჩემი ლექსები დაღლილ თვალებს ააცეცებენ

და შენს ნატერფალს გაჰყვებიან ჩემი ჩრდილივით.

და თეთრი ქარი საბერვლიდან დაიწყებს სუნთქვას,

გაიაფდება ეს ცხოვრება,როგორც ინებე,

სასაფლაოზე მოხვალ ალბათ და როგორც უთქვამთ,

ლოდების ნაცვლად წერილები დამამძიმებენ.

უმიზეზო და უთარიღო,სხვების ან ჩვენი,

წვიმს… ქარებს მოაქვთ სიმარტოვე შორი მწუხრიდან,

გქონდა მიზეზი არაფერი ალბათ დარჩენის,

ალბათ ეს ლექსიც დასაწერად,ვეჭვობ,არც ღირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>