რატომ მოკლეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი?
გაიუს სემპრონიუს გრაქკუსი (ძვ.წ.აღ-ით 154-121 წლები) – წარმოადგენდა ხალხისათვის დამაშვრალ ერთ-ერთ საუკეთესო რომაელ პოლიტიკოსს,სახალხო ტრიბუნსა და მხედართმთავარს.მამა – ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და შვილების აღზრდა დედამ – კორნელიამ აიღო საკუთარ თავზე. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,კორნელია ლეგენდად ქცეული რომაელი მხედართმთავრის – სციპიონ აფრიკელი (უფროსის) ქალიშვილი გახლდათ.დიდი ბერძენი ისტორიკოსის – მესტრიუს პლუტარქეს ცნობების თანახმად,გაიუსს შესანიშნავი დამოკიდებულება გააჩნდა საკუთარ ძმასთან (სახალხო ტრიბუნთან) – ტიბერიუსთან,თუმცა მისგან განსხვავებით ძალიან ემოციური და ტემპერამენტიანი გახლდათ.გენიალური რომაელი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე – მარკუს ტულიუს ციცერონი გაიუსს,როგორც დიდებულ ორატორს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ გრაკქუსი გახლდათ ის პირველი რომაელი,რომელმაც ორატორისათვის განკუთვნილ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჟესტიკულაციისათვის ხელები ტოგისაგან გაინთავისუფლა.როგორც ცნობილია,გაიუსი სიტყვით გამოსვლის დროს ნამდვილ ექსტაზში ვარდებოდა და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა: იწყებდა ყვირილს,ვარდებოდა მრისხანებაში და შეურაცხყოფდა ოპონენტებს.მას შემდეგ,რაც გრაკქუსმა გაათვითცნობიერა თავისი ნაკლი ორატორობის დროს,სპეციალურად აიყვანა მონა,რომელიც მისი ტრიბუნაზე გამოსვლის დროს მისსავე სიახლოვეს იმყოფებოდა და იმ შემთხვევაში თუკი იგი კვლავაც ემოციურ ტრანსში ჩავარდებოდა უმალვე იწყებდა ფლეიტაზე დაკვრას,რაც მას კვლავაც ნორმალურად სიტყვის წარმოთქმის საშუალებას აძლევდა.პლუტარქესვე ცნობით,გრაკქუსი დიდი ხნის მანძილზე იკავებდა თავს პოლიტიკაში ჩაბმისაგან,თუმცა მას შემდეგ,რაც სიზმრად საკუთარი გარდაცვლილი ძმა (ტიბერიუსი ჩაქოლილი იქნა რომის დიდი პონტიფიკოსის – პუბლიუს კორნელიუს სციპიონ ნაზიკა სირაპიონისა და მისი მომხრეების მიერ) იხილა თხოვნით ჩაბმულიყო ერის საკეთილდღეო ბრძოლაში,გადაწყვეტილება შეიცვალა და აქტიურად დაკავდა პოლიტიკით. (ავტორი გენია.ჯი) ძმის მკვლელობიდან 9 წლის გასვლის შემდეგ, ძვ.წ.აღ-ით 123 წელს გაიუსი სახალხო ტრიბუნად იქნა არჩეული.მისმა სახალხო ტრიბუნად არჩევამ იმთავითვე შეაშფოთა რომაელი სენატორები და არისტოკრატია, და მართლებიც აღმოჩნდნენ,რადგან სწორედ მისი უდიდესი დამსახურებით დაიწყო რომში უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმების გატარება.შემოღებული იქნა:
1. “პურის კანონი” – ღარიბი რომის მოქალაქეებისათვის ბევრად უფრო იაფად პურის ყიდვის საშუალება;
2. “საგზაო კანონი” – იტალიაში ახალი გზების გაყვანა,რათა მცირე მიწათმფლობელებს გამარტივებოდათ საკუთარ მიწებთან კომუნიკაცია;
3. სასამართლო კანონი” – შეიცვალა დადგენილი წესი,რომლის თანახმადაც მოსამართლეების ფუნქციებს ასრულებდნენ მხოლოდ სენატორები.
4. “სამხედრო კანონი” – ღარიბ რომაელ ლეგიონერებს შეურბილდათ სამხედრო სამსახურში მოქმედი პირობები (მათ აღარ უწევდათ საკუთარი სახსრებით შეეძინათ თავიანთთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა).
გარდა ამისა,წამოეყენა პროექტი: რომის მოქალაქეობის უფლება მიეცათ მოკავშირეთათვის.ამ შესანიშნავმა კანონებმა რომაელი სენატორები და არისტოკრატები გაიუსის საწინააღმდეგოდ კიდევ უფრო განაწყო. (ავტორი გენია.ჯი) მათ გრაკქუსის წინააღმდეგ მისივე მეგობარი – ლივიუს დრუზუსი აამხედრეს.სენატმა ისარგებლა გრაკქუსის რომში არყოფნით და მის მიერ მიღებული კანონების ნაწილი მისივე “მეგობრის” ინიციატივით გააუქმა.მოგვიანებით,სენატორებმა გრაკქუსი იძულებული გახადეს რომიდან გადახვეწილიყო. ძვ.წ.აღ-ით 121 წელს მდინარე ტიბრის სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი და მისი მონა.ოფიციალური ვერსიის თანახმად,გაიუსი მისმა მონამ ბატონის ბრძანებითვე მოკლა,ხოლო შემდეგ თავადაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.თუმცა,ამ ბრწყინვალე რომაელი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ,აბსოლუტურად სხვა ცნობებს გვაწვდის მისი პირადი ბიოგრაფი – მესტრიუს პლუტარქე.კერძოდ,რომის გავლენიანმა სენატორებმა გაიუსის მოკვლის სანაცვლოდ ჯილდოდ დააწესა იმ წონის ოქრო,რამდენსაც გრაკქუსის თავი იწონიდა.შეთქმულება სისრულეში მოიყვანა ვინმე – სეპტიმულეიუსმა.მან მოკლა გაიუსი,შემდგომ მოკვეთა თავი და მოკვეთილი თავი კიდევ უფრო რომ დაემძიმებინა – ადუღებული ტყვიით ამოუვსო ამოღებული ტვინის ადგილი.ამ ამაზრზენი ქმედების ჩადენის შემდგომ,გაიუსის მკვლელმა მისი მოკვეთილი თავი შეთქმულ სენატორებს გადასცა.სენატორებმა იგი აწონეს და რომის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო ტრიბუნის მოკვეთილ თავში სეპტიმულეილუსს,წონით – 17 ფუნტი ოქრო გადასცეს.
სწორედ ამ საშინელი მეთოდით დაასრულებინეს სიცოცხლე იმ რომაელ პოლიტიკოსს,რომლისთვისაც გაცილებით ფასეული იყო უბრალო და ღარიბი ფენის მოსახლეობა,ვიდრე გაქსუებული არისტოკრატია და სენატორები. (ავტორი გენია.ჯი)