თეიმურაზ ლანჩავა – „რუსთაველის ქვეყანა”
რატომ მოხდა, ვერ შევძელით,
ჯავრი მტერზე გვეყარა,
ილიას გზით წასულიყო
რუსთაველის ქვეყანა.
თუმცა შინაურობაშიც
მტერი ბლომად გვერია,
მაინც, რატომ ვერ გვიშველა
რუსთაველის გენიამ.
ფარსადანი ვამჯობინეთ,
ახლობელს და მოკეთეს
დავივიწყეთ, არსაკიძეს
მკლავი რისთვის მოკვეთეს.
უარვყავით სალოცავი
ჩვენი ციხე-ტაძრებით,
რატომ ცხოვრობს საქართველო
უარესის გაძლებით.
რად არ გვიკვირს, მოსარგებლე
ჩვენთვის რად წერს განაჩენს,
რად არ ვცდილობთ, საქართველო
ქართველისთვის გადარჩეს.
რად ვერ შევძლეთ, ჩვენი ჭკუით
ჯავრი სხვაზე გვეყარა,
სხვისი ჭკუით რატომ ცხოვრობს
რუსთაველის ქვეყანა.