სერ ისააკ ნიუტონი – “ეპიზოდი”
ინგლისელმა სახელმწიფო მოღვაწემ და ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა – ჩარლზ მონტეგიუმ,ინგლისისა და შოტლანდიის მეფეს – უილიამ III ორანელს “მონეტარული სახლის” დირექტორის თანამდებობაზე გენიალური ინგლისელი ფიზიკოსის,მათემატიკოსისა და ასტრონომის - სერ ისააკ ნიუტონის (1642-1727 წლები) კანდიდატურა წარუდგინა.მეფემ შეთავაზებული წინადადება მიიღო და 1696 წლის 29 მარტს ნიუტონი “მონეტარული სახლის” დირექტორად დაინიშნა.ხელფასის სახით ისააკს,ყოველწლიურად – 2 000 ფუნტი-სტერლინგი დაენიშნა,რაც მართლაც რომ უზარმაზარ გასამრჯელოს წარმოადგენდა იმ პერიოდში. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ XVII საუკუნის დასასულს ინგლისსა და შოტლანდიაში იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული ყალბი ფული მიმოქცევაში,რომ ეკონომიკა სრული კრახის წინაშე იდგა.თავდაპირველად,ნიუტონმა მონეტების წარმოების ტექნოლოგია შეისწავლა,ხოლო შემდგომ “მონეტარული სახლის” უკანასკნელი 30 წლის ანგარიში აწარმოა.დიდი მეცნიერი იმდენად ენერგიულად და კვალიფიციურად ჩაერთო თავის ახალ საქმეში,რომ მალე ფინანსური რეფორმის ავტორადაც მოგვევლინა.დაიწყო ახალი და გაყალბებისაგან ბევრად დაცული მონეტების წარმოება.გარდა ამისა,გატარდა რიგი ისეთი წარმატებული ფინანსური ღონისძიებებისა,რომლებმაც მკვეთრად შეამცირეს ინფლაციის დონე ქვეყანაში.ეკონომიკურმა მაჩვენებელმა კი საგრძნობი ზრდა განიცადა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,თავისი წესიერებითა და კვალიფიციურობით სახელგანთქმული ნიუტონის “მონეტარული სახლის” დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა ბევრს არ აწყობდა,რის გამოც მის წინააღმდეგ არაერთ ინტრიგას მიმართავდნენ.მეფესთან და ფინანსთა მინისტრთან ისააკის საწინააღმდეგო უამრავი საჩივრები შედიოდა,მაგრამ მისი წარმატებული მუშაობა იმდენად თვალშისაცემი იყო,რომ მომჩივნების მოთხოვნების დაკმაყოფილება არვის უფიქრია.თავად ნიუტონი კი,ასეთი სახის საჩივრებს მეტად გულგრილად ეკიდებოდა და კვლავაც ბეჯითად მიიწევდა დასახული მიზნისაკენ.მანვე გამოუცხადა სასტიკი ბრძოლა ყალბი ფულის დამამზადებლებს.იგი პირადად იღებდა მონაწილეობას ათეულობით იმ საქმეების გამოძიებაში,რომლებიც ყალბი ფულის დამზადებას უკავშირდებოდა.ისააკისვე კოლოსალური შრომის შედეგად იქნა 100-მდე ყალბი ფულის მომჭრელი გამოვლენილი და დაკავებული.მათი უდიდესი ნაწილი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე კოლონიებში განამწესეს,ხოლო რამდენიმე კი სახრჩობელაზე სიკვდილითაც დასაჯეს.ასეთმა ხისტმა და დაუნდობელმა ქმედებებმა ინგლისში ყალბი ფულის მასობრივი შემცირება გამოიწვია.მონტეგიუ თავის მემუარებში ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა “მონეტარული სახლის” ადმინისტრატორის ქმედებებს და აღნიშნავდა,რომ ისააკ ნიუტონის გარეშე ინგლისის ეკონომიკა სრული კოლაფსის მორევში ჩაიძირებოდა, და მართალიც იყო,რადგან სწორედ ისააკმა ააცილა ინგლისს ეკონომიკური კრიზისი თავიდან.შესაბამისად,სერ ისააკ ნიუტონი არა მარტო გენიალური მეცნიერი,არამედ ბრწყინვალე ეკონომისტიც იყო. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ მონტეგიუ (ინგლისის ფინანსთა მინისტრი,რომლის რეკომენდაციითაც იქნა “მონეტარული სახლის” დირექტორად დანიშნული ისააკ ნიუტონი)
უილიამ III ორანელი