პლატონის გენიალური ქმნილებიდან – “სახელმწიფო”
“თავდაპირველად ტირანი უღიმის ყველას,ვისაც კი ხვდება, და თავგამოდებით ამტკიცებს,ჩემი ტირანობა ვის გაუგიაო? ათას რამეს ჰპირდება კერძო პირებსაც და საზოგადოებასაც: ვალებს ჩამოგაწერთ და მიწის ნაკვეთებს დაგირიგებთ თქვენცა და ჩემს მცველებსაცო, და, საერთოდ,ცდილობს,ყველას კეთილმოწყალედ და თვინიერად მოაჩვენოს თავი.ხოლო როცა მტერთაგან ზოგს დაუზავდება,ზოგს კი მოსპობს,ასე რომ,მის კეთილდღეობას ვეღარავინ დაემუქრება,მისი პირველი საზრუნავი,ალბათ,ის იქნება,რომ ომში ჩაითრიოს ხალხი,რათა ის გამუდმებით გრძნობდეს ბელადის აუცილებლობას,რათა გადასახადებით გაღატაკებულ ხალხს დღიდან დღემდე ძლივს გაჰქონდეს თავი და შეთქმულებაზე ფიქრიც კი აღარ შეეძლოს.ხოლო თუ შენიშნავს,რომ ზოგიერთ მეტისმეტად თამამად და თავისუფლად მოაზროვნეს არ შეუძლია მის მბრძანებლობას დაემორჩილოს,ომი საკმაო საბაბია მისთვის,რათა ცილი დასწამოს ამ ხალხს – მტერს მიეყიდნენო, და ისინი საიქიოს გზას გაუყენოს.ყოველივე ამის გამო ტირანი იძულებულია ომის მუდმივი საშიშროებით აფრთხობდეს და აფორიაქებდეს ხალხს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რახან ხალხმა შვა,მანვე უნდა არჩინოს ტირანიც და მისი ამალაც”
* * *
“ხალხის ბელადი,რომელმაც იცის,რომ ბრბო მისი მონა-მორჩილია,უკვე აღარ ერიდება თვისტომთა სისხლის დაღვრას; პირიქით,უსამართლო ბრალდებებით სასამართლოს წარუდგენს მათ და უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლით იბღალავს სულს,თავისი უწმინდური ბაგეებითა და ენით თქვლეფს თვისტომთა სისხლს და განდევნილთა და სიკვდილით დასჯილთა ხარჯზე ჰპირდება ხალხს ვალების ჩამოწერასა და მიწა-წყლის გადანაწილებას.განა ყოველივე ამის ჩამდენი კაცი საიმისოდ განწირული არ არის,რომ ან მტრებმა მოუსწრაფონ სიცოცხლე,ანდა ტირანად ქცეული მგლად გარდაისახოს?”
* * *
“მეტისმეტი თავისუფლება როგორც ადამიანის,ისე სახელმწიფოსათვისაც,როგორც ჩანს,მეტისმეტ მონობად იქცევა.ასე რომ,ტირანია რომელიმე სხვა წყობილებიდან კი არა,დემოკრატიიდან იღებს დასაბამს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,უკიდურესი თავისუფლებიდან იბადება უმძიმესი და უსასტიკესი მონობა”.
* * *
“როცა რკინა ვერცხლი ჰგონიათ,სპილენძი კი – ოქრო,ამას შედეგად მოსდევს თანასწორობის,სამართლიანობისა და ჰარმონიის დარღვევა,რაც ყველგან,სადაც კი თავს იჩენს,დასაბამს აძლევს შუღლსა და მტრობას.უნდა ვაღიაროთ,რომ განხეთქილება ყველგან და ყოველთვის ამნაირი ბუნებისაა”.
* * *
“თავისუფალი ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს ცოდნას.როცა სხეულს სიძნელეთა დაძლევას აჩვევენ,ამით ის სულაც არ ხდება უარესი,მაგრამ სულში ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია”.
* * *
“სახელმწიფო თანამდებობა ხელში არ უნდა ჩავუგდოთ იმ ადამიანებს,რომლებსაც სული ელევათ მასზე,თორემ ჯიბრი და მეტოქეობა გადაგვიყოლებს”.
* * *
“შეუძლებელია სამართლიანობისა და მშვენიერების ღირსეული მცველი იყოს ის,ვინც არ იცის,რა აკავშირებს ან ერთსა და ან მეორეს სიკეთესთან”.
* * *
“მდიდარია კაცი თუ ღარიბი,ავად რომ გახდება,ექიმს უნდა მიაკითხოს; ხოლო ვისაც ქვეშევრდომობა სურს,იმას მიმართოს,ვისაც ქვეშევრდომთა მართვის უნარი შესწევს”
* * *
“თუ კაცს რაიმე უყვარს,მაშინ,თუკი მართებულად მსჯელობენ მასზე,თავისი სიყვარულის საგნის მარტოოდენ ერთი მხარე კი არ უნდა უყვარდეს და გულგრილი იყოს სხვა მხარის მიმართ,არამედ მისთვის ძვირფასი უნდა იყოს მთელი საგანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როცა ქვეყანაში განხეთქილება ისადგურებს და სახელმწიფო შინააშლილობას მოუცავს,როცა მეომარი მხარეები ერთიმეორის მიწა-წყალს აოხრებენ და ცეცხლს აძლევენ მტრის სახლ-კარს,რაოდენ დამღუპველია ეს შუღლი და რა ნაკლებად ადარდებს სამშობლოს ბედი მოშუღართ! თორემ რა გააბედინებდათ ხელი აღემართათ მშობელ დედაზე და ნაფლეთებად ექციათ თავიანთი გამზრდელი ძიძა?”
* * *
“შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოსათვის იმაზე დიდი ბოროტება,რაც მისი ერთიანობის რღვევას,დაშლასა და დაქუცმაცებას იწვევს? ან რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიკეთე,რაც ურღვევ მთლიანობად ჰკრავს და აერთებს მას? ხოლო მას ჰკრავს და აერთიანებს ჭირისა და ლხინის ერთობა,როცა თითქმის ყველა მოქალაქეს ერთნაირად ახარებს ან ამწუხრებს საერთო წარმატება თუ წარუმატებლობა”.
* * *
“საფრთხე უმჯობესია მტრებს შორის გემუქრებოდეს, ვიდრე მეგობრებს შორის”.
* * *
“სამართლიანიც იმნაირადვე იქნება კერძო პირი,რანაირადაც ვლინდება სამართლიანობა სახელმწიფოში”.
* * *
“თავიანთი მოსისხლე მტერი სიმართლის პირში მთქმელი ჰგონიათ ხშირად”.
* * *
“თუ მეწაღეები უვარგისნი და უმაქნისნი იქნებიან,სახელმწიფო როგორმე გაუძლებს ამას.მაგრამ თუ ქვეყნისა და კანონიერების სადარაჯოზე მდგარი მცველები მხოლოდ სახელით იქნებიან მცველები და არა თავიანთი არსით,მალე თქვენი თვალით ნახავთ,როგორ დააქცევენ და მიწასთან გაასწორებენ სახელმწიფოს,ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედნიერებაც და კეთილდრეობაც”.
* * *
“არ შეიძლება წესიერი და პატიოსანი ხალხისათვის ქცევის წესების თავზე მოხვევა; ისინი თავად განსაზღვრავენ უპირატესად,სად რა კანონია საჭირო”. – (ავტორი გენია.ჯი)