წმინდა მამათა შეგონებანი…
1. “კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე,სიყვარული თუ არა მაქვს,მხოლოდ რვალი თუ ვარ მოჟღრიალე,მხოლოდ წკრიალა წინწილი.წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს,ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა,ისე,რომ მთების დაძვრაც შემეძლოს,სიყვარული თუ არა მაქვს,არარა ვარ.მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული,სიყვარული თუ არა მაქვს,არას მარგია”.
2. “ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობარს,იმას მეგობრები მტრად უხდებიან და შორდებიან,როგორც მოღალატეს,მათი დაღუპვის მოსურნეს.ასევე ვინც აღიარებს თავის ცოდვებს,იმას ტოვებენ ეშმაკები,რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან და ვერ უძლებენ მხილებას,შერცხვენას”. – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
3. “ჩვენი მოღვაწეობითი ცხოვრების დასასრული ცათა სასუფეველია,ხოლო მიზანი – გულის სიწმინდე,რომლის გარეშეც ვერაფრით მივაღწევთ ამგვარ დასასრულს.ამ მიზნისაკენ უნდა მივმართოთ მზერა და როგორც სწორ ხაზზე,ისე უნდა წარვმართოთ მართებული სვლა, და თუკი ჩვენი ფიქრი ამისგან ოდნავ გადაიხრება,მაშინვე უნდა დავუბრუნდეთ მის ჭვრეტას,ნორმის შესაბამისობამდე უნდა გამოვასწოროთ”. – წმინდა იოანე კასიანე რომაელი
4. “თუკი სიკვდილი გაშინებს,ჯერ კიდევ არ ხარ ქრისტესთან სიყვარულით შეკავშირებული.როცა ქრისტეს შეერწყმები,არარად მიიჩნევ მიწიერ ცხოვრებას და იჩქარებ გაემგზავრო იქ,სადაც შენი “შეყვარებული” იმყოფება”. – ღირსი მამა თეოგნისტე
5. “ადამიანი,თავისი ყოფითობით,სიტყვიერებით,სიბრძნითა და ღვთივმშვენიერი სიკეთეებით,ღვთის ხატებისა და მსგავსების გამოა შემკული,რათა არსებული ყოველი ამ დიდი ძღვენის,ამ სიკეთის შესაფერისი გულისთქმა თავად მასში მოქმედებდეს.სწორედ ამიტომაა,რომ ღვთის მიერ ბოძებულ სიკეთეთა რიცხვში მარადიულობაცაა,რაც ჩვენი ბუნებისათვის უდავოდ დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო და ადამიანი უკვდავების საკუთარ ხვედრს არ უნდა მოკლებოდა,რათა ჰქონოდა უნარი,მასში არსებული ძალის შესაბამისად უმაღლესი არსება შეეცნო და საკუთარი გულისთქმა კვლავ ღვთაებრივი მარადიულობისაკენ მიემართა.ამ შესაქმის წიგნმა კი მრავლისმომცველი სიტყვა და შინაარსი,მხოლოდ ერთი ფრაზით გამოხატა,როდესაც ამბობს,რომ ღვთის ხატად არის შექმნილი ადამიანი”. – წმინდა გრიგოლ ნოსელი