ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსის შესახებ…
1943 წლის 8 იანვარს სტალინგრადის მისადგომებთან მყოფ გერმანული მე-6 არმიის ხელმძღვანელსა და “ვერმახტის” გენერალ-ფედმარშლს - ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსს (1890-1957 წლები) საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობამ ულტიმატუმი წაუყენა: თუკი 9 იანვრის ათ საათამდე არ დანებდებოდა,ალყაში მოქცეული მთელი გერმანული მეექვსე არმია განადგურდებოდა.პაულუსმა ულტიმატუმი უპასუხოდ დატოვა. 22 იანვრისათვის პაულიუსის არმიამ სხვა უდიდეს დანაკარგებთან ერთად უკანასკნელი აეროდრომიც დაკარგა. (ავტორი გენია.ჯი) 23 იანვარს წითელ არმიას ტყვედ ჩაბარდნენ გერმანელი გენერლები – მაქს კარლ პფერერი,მორიც ფონ დრებერი და ოტო კორფერსი.თუმცა არსად ჩანდა თავად პაულუსი.გავრცელდა ხმები,თითქოს მან ალყას თავი დააღწია,მაგრამ 30 იანვარს საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაჭერილი რადიოგრამიდან ცნობილი გახდა,რომ ფრიდრიხს სტალინგრადის მისადგომები არ დაუტოვებია.გარდა ამისა,ცნობილი გახდა ისიც,რომ მას – ფედმარშლის სამხედრო ჩინი მიენიჭა.რადიოგრამაში მოყვანილი იყო ჰიტლერის ერთგვარი გაფრთხილება პაულუსისადმი: “ჯერ არც ერთი გერმანელი ფედმარშალი ტყვედ არ ჩავარდნილა”.მალევე დადგენილი იქნა ფრიდრიხის ადგილსამყოფელი – სტალინგრადის ცენტრალური უნივერმაღის შენობა.
“ეს დასასრულია!” – განაცხადა დაკავებისას ჭუჭყსა და ტალახში ამოსვრილმა “მოხუცმა”,რომელშიც ძნელად თუ ამოიცნობდით მეექვსე გერმანული არმიის ფედმარშალ – ფრიდრიხ ერნსტ პაულუსს.იმ პერიოდისათვის ფრიდრიხს საშინელი დაავადება – სწორი ნაწლავის კიბო ჰქონდა,რის გამოც საბჭოთა უშიშროების თანამშომლებს არაერთხელ გადაუყვანიათ საავადმყოფოში.დაკითხვების შემდგომ გერმანელი ფედმარშლის თითოეული ნაბიჯი მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა. 1943 წლის გაზაფხულს პაულუსი სუზდალში მდებარე მონასტერში შეხვდა,სადაც ექვსი თვე გაატარა (მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მონასტრის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეთა ბანაკი ფუნქციონირებდა).იგი მონატრის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა და უმკაცრესი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.საბჭოთა ხელისუფლებისათვის,ფრიდრიხ პაულუსი – “ნომერ პირველი” ტუსაღი გახლდათ.იმთავითვე ცხადი იყო,რომ მას დიდი პოლიტიკური თამაშისათვის ამზადებდნენ.
ჰიტლერი ღრმად იყო დარწმუნებული,რომ გერმანელ ფედმარშალი ტყვედ არ ჩაბარდებოდა.შესაბამისად,მას დაღუპულად მიიჩნევდა და გერმანიაში პაულუსის სიმბოლური დაკრძალვის ცერემონიაც კი განხორციელდა,რომელსაც თავად ფიურერიც დაესწრო.თუმცა გერმანულ ნაცისტურ ხელისუფლებას თავზარი დასცა 1944 წლის 8 აგვისტოს ფრიდრიხ პაულუსის რადიო-გამოსვლამ,სადაც იგი თანამემამულეებს ჰიტლერის რეჟიმისაგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდა.გარდა ამისა,აღნიშნავდა,რომ გერმანელ ერს იმისათვის,რომ სამშობლო სრული განადგურებისაგან ეხსნა,ომი აუცილებლად უნდა შეეწყვიტა.მისი გერმანელი ერისადმი მიმართვის შემდგომ გესტაპოს მიერ დაკავებული იქნა პაულუსის ვაჟი,ხოლო მეუღლე გადასახლებული.ოჯახის სხვა წევრები კი შინაპატიმრობაში აიყვანეს.
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტების დამარცხების შემდგომ,პაულუსი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ტომილინის დაჩაზე იოსებ სტალინის “პირადი სტუმრის” სტატუსით ცხოვრობდა.მას საბჭოთა უშიშროება აკონტროლებდა და იცავდა.ჰყავდა პირადი ექიმი,მზარეული და ადიუტანტი.თუმცა კატეგორიულად ეკრძალებოდა კოტეჯის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება.შეიძლება ითქვას,რომ პაულუსი მეორე მსოფლიო ომში მოპოვებული ყველაზე ფასეული ტროფეა გახლდათ სტალინისათვის.შესაბამისად,მის ხელიდან გაშვებას ბელადი არ აპირებდა. 1947 წელს ფრიდრიხმა ორი თვე ყირიმში მდებარე სანატორიუმში დაჰყო.საბჭოთა ხელისუფლების მიერ პაულუსისადმი გამოჩენილი “ჰუმანიზმის” მიუხედავად,მას მაინც კატეგორიულად ეკრძალებოდა ოჯახთან კონტაქტი.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფრიდრიხი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო “ნიურნბერგის სასამართლო პროცესისა”.როდესაც იგი სასამართლო დარბაზში შევიდა,აღელვებული გერინგის,იოდლისა და კეიტელის დამშვიდება გახდა საჭირო.ისინი პაულუსს მოღალატედ მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ კარგად უწყოდნენ,რომ სწორედ მასთან ერთად იქნა შემუშავებული “ოპერაცია ბარბაროსა”,რომლის შესახებაც იგი აუცილებლად მისცემდა ჩვენებას სასამართლოს (ცნობისათვის,გერმანიაში მიმავალ პაულუსს თავს დაესხნენ,თუმცა კონტრდაზვერვის დროული ჩარევის შედეგად მისი ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე წარდგენა მინც მოხერხდა).მოკავშირეების სასარგებლოდ მიცემულმა ჩვენებებმა და მათთან თანამშრომლობამ გერმანელი ფედმარშალი პატიმრობიდან იხსნა.
1953 წლის 23 ოქტომბერს,სტალინის გარდაცვალების შედგეგ პაულუსმა მოსკოვი შემდეგი სიტყვებით დატოვა: “მოვედი როგორც მტერი და მივდივარ როგორც მეგობარი”.სამშობლოში ჩასული ფედმარშალი დრეზდენის გარეუბანში – ობერლოშვიცში დაბინავდა.მას გადაეცა ვილა და ავტომობილი,აუყვანეს მოსამსახურე პერსონალი და დაცვა.რიგი დოკუმენტების ცნობების თანახმად,ფრიდრიხს იარაღის ტარების უფლებაც დაუკანონდა.გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების არქივებში მოპოვებული ცნობებით ირკვევა,რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პაულუსი დრეზდენის სამხედრო-ისტორიის მუზეუმში დასაქმდა და მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევდა.გარდა ამისა,კითხულობდა ლექციებს სახალხო პოლიციის უმაღლეს სკოლაში.რიგ ინტერვიუებში აკრიტიკებდა დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებას და აქებდა სოციალისტურ წყობას.ხაზს უსვამდა იმას,რომ საბჭოთა კავშირს ომს ვერავინ მოუგებდა. 1956 წელს პაულუსს ექიმებმა – “თავის ტვინის სკლეროზის” დიაგნოზი დაუსვეს.მალევე სხეულის მარჯვენა მხარე წაერთვა. 1957 წლის 1 თებერვალს,სტალინგრადთან განცხილი მარცხიდან 14 წლის გასვლის შემდგომ – ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსი გარდაიცვალა.იგი დაკრძალული იქნა ბადენ-ბადენის სასაფლაოზე,მეუღლის გვერდით. – (ავტორი გენია.ჯი)
პაულუსის ტყვედ აყვანა
პაულუსის დაკითხვა საბჭოთა ჩეკისტების მიერ
პაულუსი – ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე
პაულუსის ერთ-ერთი პრეს-კონფერენცია აღმოსავლეთ გერმანიაში
სახლი,სადაც პაულუსი გარდაიცვალა