პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “მიზანთროპი”
“მიზანთროპი” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის – პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (1525-1569 წლები) მიერ ტილოზე ტემპერათი დახატულ ღრმა შინაარსის მქონე შედევრ-სურათს.აღნიშნულ ტილოზე მუშაობა მხატვარმა 1568 წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 86 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 85 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ “მიზანთროპი” ბრეიგელის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია (დახატული იქნა პიტერის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე).სურათზე მხატვარმა,ისევე,როგორც თავის ადრეულ პერიოდში შექმნილ სხვა სურათებზე,კარგად წარმოაჩინა კაცთა მოდგმის მისწრაფება ყოველგვარი ცოდვისადმი.
ტილოს სიუჟეტში წარმოდგენილია ბოროტებით აღსავსე ახალგაზრდა ჯუჯა მამაკაცის სახე,რომელიც გზაზე მიმავალ დაღვრემილ და ჩაფიქრებულ მოხუც მამაკაცს საფულეს (ქისას) პარავს.ჯუჯა მამაკაცის გამოსახულება პიტერმა ჯვრის გამოსახულების მქონე სფეროში ჩასვა,რაც თავის მხრივ მანკიერებით სავსე სამყაროსთან სიმბოლირდება.მოხუც ბერ-მონაზონს თავზე კაპიშონი ახურავს,რაც მისი სახის ნაწილს ფარავს.მიუხედავად ამისა,მის სახეზე აღბეჭდილი ღრმა მწუხარება და ჩაფიქრებული გამომეტყველება მაინც ნათლად არის წარმოჩენილი.მოხუცის მლოცველის ჟესტით გამოსახული ხელები სასულიერო პირის ღვთისმოსავ ბუნებაზე მეტყველებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სპეციალისტთა მოსაზრებით,ერთი შეხედვით ღვთისმოსავი მოხუცი ავტორმა ერთობ თვალთმაქც ადამიანად წარმოგვიჩინა,რადგან თუ კარგად დავაკვირდებით სურათს,შევამჩნევთ,რომ ბერ-მონაზონის სამოსის ქვემოთა ნაწილში გამოსახულია მჭიდროდ შეკრული გულის ფორმის საფულე (რომელსაც ჯუჯა მამაკაცი იპარავს),რაც დაფუძნებული უნდა იყოს სახარებისეულ ერთ-ერთ ტექსტზე: “სადაც საფულეა,იქაა გული”.
ტილოს ქვედა ნაწილში გაკეთებულია წარწერა ნიდერლანდულ ენაზე – “რადგანაც სამყარო ესოდენ ვერაგია,მე სამგლოვიარო ტანისამოსით დავიარები”.ბრეიგელის შემოქმედების მკვლევართა აზრით,სწორედ აღნიშნული სიტყვებით გადმოგვცა მხატვარმა ის,რისი ჩვენებაც სურათზე სურდა.”მიზანთროპში” – ცხოვრების ვერაგობა ბრეიგელმა არა მარტო ჯუჯა-ქურდის სახით გვიჩვენა,არამედ იმ სამი მცირე ზომის საპირისპირო მიმართულების მქონე ბასრი რკინის ხლართებითაც,რომელიც გზაზე მიმავალი მოხუცის წინ ყრია.ფერწერულ ტილოზე გამოსახული ორმაგი იმიჯის მქონე ბერ-მონაზონის ჩვენებით კი,პიტერმა სასულიერო პირთა სატირული სახე წარმოგვიდგინა.
დღესდღეობით,პიტერ ბრეიგელი “უფროსის” მიერ შექმნილი შედევრი-ტილო – “მიზანთროპი” დაცულია იტალიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნეაპოლში განთავსებულ – “კაპოდიმონტეს მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)