ჯონ მილტონი – “ეპიზოდი”
“წიგნის მოკვლა კაცის კვლაზე ნაკლები დანაშაული როდია”, – ამბობდა გენიალური ინგლისელი პოეტი,მწერალი,მოაზროვნე და უკვდავი პოემის – “დაკარგული სამოთხის” ავტორი – ჯონ მილტონი (1608-1674 წლები).ეს ის მილტონია,რომლის შესახებაც წერდნენ: “იმ დიდ პოეტთაგან,რომელთაც ინგლისურ პოეზიას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი,შექსპირის გვერდით,უყოყმანოდ,მხოლოდ მილტონის დასახელება თუ შეიძლებაო”.
პოეტის პაპა – რიჩარდ მილტონი მეტყევე ყოფილა,ოქსფორდის მახლობლად მსახურობდა შოტოვერის ტყის მეთვალყურედ. (ავტორი გენია.ჯი) თავგამოდებულ კათოლიკეს თავისი ვაჟისთვის – ჯონ მილტონი (მილტონის მამა) პროტესტანტობა შეუმჩნევია (მის ოთახში ინგლისური ბიბლია უპოვია,რაც მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა რომაული კათოლიციზმის ჭეშმარიტი მიმდევრებისათვის) და მემკვიდრეობა წაურთმევია.ჯონ მილტონი (1562-1647 წლები) იძულებული გამხდარა თავად ეზრუნა საკუთარ ბედზე და ლონდონს გაემგზავრებულა.ჯერ სანოტარო ბიუროში დაუწყია მუშაობა,მერე,საკუთარი ნიჭის წყალობით,თავი გამოუჩენია და ჭკვიანი ვექილის სახელიც მოუხვეჭავს.შესაბამისად,კარგა დიდი ქონებაც შეუძენია.მოგვიანებით,ცოლად შეურთავს სარა ჯეფრი (1572-1637 წლები).მილტონების წყვილს ექვსი შვილი შეძენია,რომელთაგან სრულწლოვან ასაკს მხოლოდ სამმა მიაღწია.
როგორც ცნობილია,ჯონ მილტონი სავსებით დაბრმავდა 1652 წელს.მიუხედავად ამისა,მთავრობისაგან დევნილ პოეტს აქტიური მუშაობა არ შეუწყვეტია და იგი თავის კანტიკუნტად შემორჩენილ მეგობრებს კარნახობდა ხოლმე პოემებს. 1663 წელს, 55 წლის ასაკში მყოფმა მილტონმა იქორწინა 24 წლის – ელისაბედ მინშულზე (1638-1728 წლები – რიგით მესამე ქორწინება).ელისაბედი გაუნათლებელი ქალი იყო,მაგრამ ქმარს მაინც სათანადოდ უვლიდა და ძალიან უმსუბუქებდა გატანჯულ ცხოვრებას.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,თვალში სინათლედაწრეტილი ჯონის ცხოვრებისეული რეჟიმი შემდეგი სახით გამოიყურებოდა:
“ზაფხულობით იღვიძებდა დილის ოთხ საათზე,ზამთრობით – ხუთზე; ადგებოდა თუ არა,ვინმეს მისთვის ებრაული ბიბლიის ერთი თავი მაინც უნდა წაეკითხა.ამას მოჰყვებოდა დილის საუზმე და შემდეგ მუშაობა თორმეტ საათამდე.მერე სადილი.მსუბუქი ვარჯიში ერთი სააათით.შემდეგ ორღანს მიუჯდებოდა.ზოგჯერ მღეროდა,ან მუსიკის აკომპანიმენტით ელისაბედს ამღერებდა ხოლმე,რომელსაც,მისივე სიტყვებით,ხმა კი კარგი ჰქონდა,მაგრამ სმენა – არა.შემდგომ ისევ მუშაობდა ექვს საათამდე.ექვსიდან რვამდე სტუმრებს ესაუბრებოდა,თუკი ვინმე ეწვეოდა.ამას მოჰყვებოდა მსუბუქი ვახშამი.ძილის წინ ჩიბუხს გააწყობდა და მოსწევდა,ერთ ჭიქა წყალს დალევდა და ცხრა საათზე იძინებდა.ეკლესიაში არ დადიოდა.თავისთვის ლოცულობდა ხოლმე”.
სწორედ ასე შექმნა გენიალურმა ჯონ მილტონმა თავისი შემოქმედების ისეთი უკვდავი ქმნილებები,როგორებიცაა – “დაკარგული სამოთხე” (გამოიცა 1667 წელს) და “სამსონი” (გამოიცა 1671 წელს). – (ავტორი გენია.ჯი)