იცით თუ არა,რომ

1. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქალაქ ეფესოს ერთ-ერთმა რიგითმა მაცხოვრებელმა – ჰეროსტრატემ,საკუთარი სახელის “უკვდავსამყოფად”, ძვ.წ.აღ-ით 356 წლის 21 ივლისის გამთენიისას გადაწვა არტემიდას უნიკალური ტაძარი.სწორედ იმ პერიოდებში დაისვა კითხვა,თუ რატომ არ მივიდა ძველ ბერძენთა მითოლოგიური ქალღმერთი მისივე სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძრის გადასარჩენად.აღნიშნულ შეკითხვას,ერთი ძველბერძნული ლეგენდა მეტად მარტივად სცემს პასუხს: ქალღმერთი იმ დროს ერთობ დაკავებული გახლდათ,რადგან არტემიდას ტაძრის გადაწვის ღამეს მეთვალყურეობას უწევდა მაკედონიის დედოფლის ოლიმპიადას მშობიარობას,იმ მშობიარობას,რომლის შედეგადაც სამყაროს მოევლინა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე მაკედონელი (ცნობისათვის,ალექსანდრე დიდიც ძვ.წ.აღ-ით 356 წლის 21 ივლისის გამთენიისას დაიბადა). - (ავტორი გენია.ჯი)

2. გენიალური ფრანგი პოეტი და სიმბოლიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – პოლ ვერლენი (1844-1896 წლები),რომელიც ყველასაგან მივიწყებული (მათ შორის მეგობრებისგანაც) აღესრულა,სიკვდილის წინ გოდებდა: “ჩემო ძმებო,ჩემო ცუდო ძმებო,რისთვის დამივიწყეთ მე”.

3. დიდი ქართველი მწერლის – დავით კლდიაშვილის შესანიშნავ ნაწარმოებში  - “სამანიშვილის დედინაცვალში” მოყვანილი ერთ-ერთი მთავარი გმირის – პლატონ სამანიშვილის მიერ ნანათხოვარ გაძვალტყაებულ ცხენს,გამოჩენილი ქართველი პოეტი – ტიციან ტაბიძე – “იმერეთის როსინანტს” უწოდებდა (ცნობისათვის,როსინანტი ერქვა დონ კიხოტის ცხენს).

4. პირველი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში,რომელიც ცხონდა,ვინც გახსნა დახშული სამკვიდრო და წინ უსწრო უკლებლივ ყველას,უფალი ჩვენი იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული – კეთილგონიერი ავაზაკი იყო.

5. ქართველთა “უგვირგვინო მეფის” – ილია ჭავჭავაძის (ილია მართალი) პირველი ხატი,მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგ,დაწერილი იქნა ცნობილი ქართველი მხატვრის – ჯემალ ხუციშვილის მიერ.

6. “ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვნოს კაცმა,დედისა კი – ვერა.დედის დათმობა არ შეიძლება,რადგან არ მოიპოვება,არც აირჩევა,არც გაიყოფა,შენიც იმდენია,რამდენიც შენი ძმის,ორნი კი არა,შეიძლება ათნი იყოთ,დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი…” – წერდა გენიალური ქართველი მწერალი,პოეტი და პროზაიკოსი – ოთარ ჭილაძე.

7. ვესტმინტერის სააბატოში განთავსებული უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსის,მატამატიკოსისა და ასტრონომის – ისააკ ნიუტონის (1643-1727 წლები) საფლავის ქვაზე გაკეთებულია შემდეგი სახის ეპიტაფია: “აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი,აზნაური,რომელმაც პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტის მოძრაობა,კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები.ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებას,რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა.ბუნების,წარსულისა და წმინდა წერილის მუყაითი,ბრძენი და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადეს და ყოვლისშემძლეობას,ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას…” – (ავტორი გენია.ჯი)

8. გენიალური ფრანგი მათამეტიკოსი,ფიზიკოსი და ფილოსოფოსი – ბლეზ პასკალი,ადამიანს,თავისი შინაგანი არამყარი ბუნების გამო – “მოაზროვნე ლერწამს” უწოდებდა.

9. საფრანგეთის მეფის – ლუი XIII სამართლიანის მეფობის ჟამს (1610-1643 წლები),შეიქმნა ეგრეთ წოდებული – “ჩვიდმეტი სენიორის” სახელით ცნობილი ფრანგი დიდებულებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი,რომელთა მოვალეობაში შედიოდა სასახლის კარზე ახალი მოდისა და ქცევების დაწესება (ცნობისათვის,აღნიშნულ ჯგუფში ირიცხებოდა კარდინალ რიშელიეს უფროსი ძმა,კარდინალი – ალფონს ლუი).

10. გენიალურ ესპანელ მწერალსა და “უკვდავი” დონ კიხოტის ავტორს – მიგელ დე სერვანტეს საავედრას,თავისი მტრები და ოპონენტები მუდმივად აყვედრებდნენ იმას,რომ უნივერსიტეტში არასოდეს უვლია,ჰქონდა ცუდი განათლება და გააჩნდა ანტირელიგიური შეხედულებები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>