“ხატების თაყვანისმცემელთა და უარმყოფელთა ბრძოლა”

კარგად რომ გაჩხრეკ და გასინჯავ,ისტორიაში კარგად ცნობილ ბევრ სხვა რელიგიურ ბრძოლათა მსგავსად,”ხატების თაყვანისმცემელთა და უარმყოფელთა ბრძოლაც” პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება.სწორედ აღნიშნულმა მოვლენამ გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დინასტიური ბრძოლა და გააჩაღა სამეფო კარის დიდი ინტრიგები,რომელთაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)

მას შემდეგ,რაც ქრისტიანულ ეკლესიებში იესო ქრისტეს,ღვთისმშობლის,მოციქულების,წმინდანების,აგრეთვე სახარების სხვადასხვა ამბავთა ამსახველი ხატები შემოიღეს, – ესე იგი, III – IV საუკუნეების შემდეგ, – კარგა ხანი გავიდა და საეკლესიო მოღვაწეების ერთმა ჯგუფმა საეჭვოდ დასახა ხატები ეკლესიებსა და ტაძრებში.ამ ხალხს – ხატების მოწინააღმდეგეებს – “ხატისმებრძოლები” შეარქვეს.ისინი დაუპირისპირდნენ იმათ,ვინც საჭიროდ და აუცილებლად თვლიდა ეკლესიებში ხატების გამოფენას.ხატების მომხრეებს – “ხატისთაყვანისმცემლები” უწოდეს.

“თქვენ ქრისტიანობას ბღალავთო”, – ასეთი ბრალდება წაუყენეს ხატისმებრძოლებმა ხატთაყვანისმცემლებს, – ხატების თაყვანისცემა ხომ იგივე კერპთაყვანისმცემლობააო! ურჯულოები დაგვცინიანო.ებრაელები და არაბები მართლაც დასცინოდნენ ქრისტიანებს – ნახატებს და შეშას ეამბორებითო (ჯვარს გულისხმობდნენ),მრავალ ღმერთსა სცემთ თაყვანსო – ბოლოს და ბოლოს ვინ არის გამოსახული ხატებზე? – კითხულობდნენ ხატისმებრძოლები, – თუ თვითონ ღმერთია,ეს წმინდა სახარებას ეწინააღმდეგება,რადგან ჩვენ ხომ ვიცით,რომ ღმერთი აუწერელი და შეუცნობელი სულიაო.ასე რომ,ხატი ღმერთის გამოსახულება კი არ არის,ეს იგივე კერპიაო. და, ამდენად თქვენც კერპთაყვანისმცემლები ხართო.

ხატისთაყნანისმცელემთა არგუმენტი ძალიან მარტივი იყო: ეს ტრადიციით გადმოდის და უნდა დავიცვათო.უზენაესის გამოსახულებას რომ ვცემთ თაყვანს,ეს თვითონ მამაღმერთის თაყვანისცემააო.ხატების წყალობით ადამიანი უფრო ადვილად უახლოვდება ღმერთსაო.ღმერთი ხომ ხორცშესხმულ ქრისტედ გამოეცხადა ადამიანებს; ასევე,ხატის ჭვრეტით,ადამიანი ღვთის ძალასა და მადლს გრძნობს და განიცდისო… (ავტორი გენია.ჯი)

თავდაპირველად ბრძოლა ისეთი დაძაბული არ ყოფილა,მაგრამ,რაც დრო გადიოდა,ეს ორი მოწინააღმდეგე ბანაკი სულ უფრო და უფრო ყალიბდებოდა,სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა მათი თეორიები,არგუმენტები… და ბრძოლაც დაიძაბა და გამწვავდა.

განსაკუთრებით გააფთრებული გახდა ბრძოლა მას შემდეგ,რაც კონსტანტინოპოლის ერთ დიდ ტაძარში ხატისმებრძოლებმა ქრისტეს გამოსახულება ჩამოხსნეს და განადგურება მოინდომეს.პირველი სისხლიანი შეტაკებაც ამას მოჰყვა.ხატისთაყვანისმცემლები მისცვივდნენ ხატისმებრძოლებს,რომელთაც ისინი ერეტიკოსებს ეძახდნენ და იქვე აკუწეს.

აქვე ერთი მეტად საგულისხმო საკითხიც უნდა შევახსენოთ მკითხველს.იმ ქვეყნებში,სადაც ხატისმებრძოლებმა იმძლავრეს,კარგა დიდიხნით შეფერხდა ხელოვნების ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარება,როგორიცაა კედლის მონუმენტური მხატვრობა.საქართველოში კი,რაკი იგი ხატის თაყვანისმცემელი დარჩა,კიდევ უფრო განვითარდა ეს დარგი. (ავტორი გენია.ჯი)

მალე ამ დიდ დავაში სახელმწიფო მოღვაწეები ჩაებნენ და ამან კიდევ უფრო გაამწვავა ბრძოლა.ბიზანტიის იმპერატორი ლეონ ისავრიელი (675-741 წლები) ხატისმებრძოლთა მხარდამჭერი აღმოჩნდა. და არა პასიური თანამგრძნობი,არამედ აქტიური მებრძოლიც.როგორც ვარაუდობენ,ქრისტეს ხატის ჩამოხსნა და განადგურების ცდაც მისივე წაქეზებით მოხდა,რადგან კათალიკოსი ხატისთაყვანისმცემელი იყო და, რომის ეკლესიის მხარდაჭერით, – რომელიც აგრეთვე ბოლომდე ხატის ერთგული დარჩა, – ცდილობდა,ძლიერი კოალიცია შეექმნა ხატისმებრძოლთა წინააღმდეგ.იმპერატორმა ახლაც რადიკალურ ზომებს მიმართა – კათალიკოსი გადააყენა და ხატისმებრძოლი სამღვდელო პირით შესცვალა.ამას კი მალევე მოჰყვა ოფიციალური აკრძალვა ხატებისა.

ჩვენ რომ ამ საეკლესიო ბრძოლასთან დაკავშირებით შევნიშნეთ,პოლიტიკური მხარეც აქვსო,შეგვიძლია უფრო დავაკონკრეტოთ ეს.

სხვა საკითხებთან ერთად,ბიზანტიის იმპერატორისათვის იმიტომაც იყო ხელსაყრელი ხატისმებრძოლთა გამარჯვება,რომ თუკი გაბატონებულ ხატისთაყვანისმცემლობას დაამარცხებდნენ,ამით თავისთავად შეირყეოდა უკვე გაბატონებული ძლიერი საეკელსიო იერარქია,ხოლო ახალ ძალას,რომელიც იმპერატორისვე წაქეზებითა და მხარდაჭერით მოქმედებდა,იგი უფრო ადვილად დაიმორჩილებდა.ამას გარდა,პერიფერიების დიდებულებზე დაყრდნობით, – რომლებიც თავიდანვე ხატისმებრძოლთა მხარეზე აღმოჩნდნენ და ამით დედაქალაქის დიდებულებს დაუპირისპირდნენ, – იმპერატორი უფრო ადვილად მოახერხებდა კონსტანტინოპოლის მეტისმეტად გაძლიერებული და გათავხედებული დიდგვაროვნების მოთოკვას,რომელთაც თავი დამოუკიდებლად წარმოედგინათ და იმპერატორის მიმართაც გამომწვევად იქცეოდნენ (იგულისხმება,რომ დედაქალაქის დიდებულები ხატის თაყვანისმცემელთა ბანაკში იყვნენ).

ეკონომიკური თვალსაზრისითაც მცირე მნიშვნელობა როდი ჰქონდა იმ ფაქტსაც,რომ,თუკი ხატისმებრძოლები გამარჯვებას მიაღწევდნენ და ეკლესიებში ხატებს ჩამოხსნიდნენ,სახელმწიფო ხაზინა ერთბაშად გამდიდრდებოდა იმ ძვირადღირებული თვლებითა და ოქროთი,რითაც ხატები იყო შემკული.თავიანთი გაღარიბებული სალაროს შესავსებად ბიზანტიის იმპერატორებს დიდი ხანია თვალი ეჭირათ საეკლესიო განძეულობაზე… და ახლა ხელსაყრელი დრო დაუდგათ,კანონით მიეღოთ ეს სიმდიდრე.

როგორც ვხედავთ,მთლად უანგარო ვერ იქნებოდა იმპერატორი ლეონ ისავრიელი (ხოლო უფრო მოგვიანებით მისი მემკვიდრეები),როცა ამ რელიგიურ დავაში ჩაება…

თითქმის მთელი საუკუნე ქრისტიანული სამყარო ამ გააფთრებულმა ბრძოლებმა შესძრა.ისინი ბრძოლის არავითარ ხერხს არ ერიდებოდნენ,ოღონდ კი მოწინააღმდეგისათვის სახელი გაეტეხათ და ზიანი მიეყენებინათ.

საგანგებოდ უნდა შევნიშნოთ,რომ აღმოსავლეთის ქვეყნების თითქმის ყველა ეკლესია ხატისმებრძოლთა ბანაკში აღმოჩნდა და მთელს აღმოსავლეთში თითქმის ერთადერთი გამონაკლისი საქართველო დარჩა,რომელსაც არასოდეს დაუგმია ხატისთაყვანისმცემლობა.პირიქით,საქართველო მის ერთგულ დამცველად გამოდიოდა. – ვახტანგ ჭელიძის წიგნიდან – “ქართლის ცხოვრების ქრონიკები”. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. აღნიშნული მოვლენიდან საუკუნეებმა განვლო… საქართველოში ბოლშევიზმის შემოსვლასთან ერთად,აქტიურად დაიწყო უწმინდესი ხატების წინააღმდეგ ბრძოლა.სწორედ იმ ავადსახსენებელ პერიოდში იქნა განადგურებული უამრავი ეკლესია და ხატი.იმ ხატების დიდი ნაწილი,რომლებიც საქართველოში გადაურჩა განადგურებას,რუსეთში იქნა გადაგზავნილი კომუნისტების მიერ,ხოლო ნაწილი კი დედაეკლესიას წაჰგვარეს და სხვადასხვა მუზეუმებს უსახსოვრეს. (ავტორი გენია.ჯი)

ბოლშევიკების მიერ ჩადენილი უდიდესი მკრეხელობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>