“ალბათ,სიცოცხლე სიკვდილამდე ძალზე გრძელია”
ალბათ,სიცოცხლე სიკვდილამდე ძალზე გრძელია,
თურმე,სულ ცოტა სიხარული სჭირდება იმედს,
ალბათ,სიცოცხლე სიკვდილისთვის მოსაცდელია,
მაგრამ ლოდინიც დამღლელია იმედის იქეთ.
* * *
თუკი სიცოცხლე უფერული ფარდით იცვლება,
და ფარდის იქეთ აღარავინ შენ აღარ გელის,
მაშ რა მაკავებს,რა მაბრკოლებს ამ ქვეყანაზე,
თუ ჩემი წასვლით არ დარჩება თვალები სველი.
* * *
ეს საუკუნე სულ ერთ წამში გამირბენს თვალწინ,
არადა თითქოს სულ ფეხებით ვცვითე ეს წლები,
თურმე ვცდებოდი,სულ თოთო ვარ,პატარა ბავშვი,
გამოუცდელი,უსუსური და უკვე ვკვდები.
* * *
მე ვკვდები,მაგრამ სიკვდილიც კი უფერულია,
ირგვლივ არავინ,სიმარტოვე თეთრი კედლები,
არვინ გამიღებს გულის კარებს,არ შემიფარებს,
მეც ავდგები და სიკვდილის ცელს შევეკედლები.
* * *
შევხედავ სული,როგორ ტოვებს უგონო სხეულს,
თურმე ღალატი განუყრელი ცოდნია სულსაც,
მანაც დამტოვა,დამანარცხა მიწაზე ძალით,
სხეულთან ერთად ჩემი რწმენაც უკვე ძლივს სუნთქავს.
* * *
ღმერთო მე რა ვქნა,ვის ჩავხედო თვალებში წამით,
ვინ დამიტირებს,ვინ გამითბობს ცრემლებით საფლავს,
ისევ არავინ!!! წუთიერად გამეღიმება,
ვერვინ მიხვდება რომ ამ ღიმილს სიმწარე ახლავს.
* * *
ამ დროს ჩემს ტუჩებს შეეხება მძიმე სისველე,
ღიმილი ცრემლებს შეიკედლებს,ტკივილით ოხრავს,
უფრო ძლიერად გამეღიმება,როცა შევხედავ
ჩემი ტკივილით კელაპტარი დაიწყებს მოთქმას.
* * *
სიკვდილის ბოლოს,ვხედავ,როგორ ვწევარ საწოლში,
ჩემთან არავინ არ მოვა,არ მომიტანს ტიტებს,
არავინ მეტყვის თბილ სიტყვებს და მორგებულ ფრაზებს,
არვინ დამიწყობს გულზე უკვე გაყინულ თითებს.
* * *
ვერვინ შეამჩნევს ჩემს ამ ქვეყნად არ ყოფნის წამებს,
ჩემთვის არავინ არ ჩაიცვამს შავ ტანისამოსს,
თუ კი რგებია ჩემი ბედი ვინმეს ამ ქვეყნად,
სჯობს,რომ პატარაც არასოდეს არ დაიბადოს.
* * *
არ შემამკობენ ყვავილებით ცრემლთა მძივებით,
ჭირისუფალიც სამუდამოდ დაიგვიანებს,
მხოლოდ სეტყვა და ქარიშხალი თუ დამიტირებს,
და წვიმის წვეთი მტკივნეულად დაიღრიალებს.
* * *
როცა ღრუბელი გადმოაფრქვევს ბელტივით წვიმას,
ბოროტი სეტყვა დაეშვება ხშირი კოხებით,
მე მაშინ ვიგრძნობ აღსასრულის მოახლოებას,
და მე ამ ღამეს ამ საშინელ ღამეს მოვკვდები.
* * *
შევხედავ როგორ ახლოვდება ფერი სიკვდილის,
როგორ მოაქნევს ის უღმერთო ბნელში მოსასხამს,
შავ ლაქს აიღებს ამაზრზენად და სიტყვა სიკვდილს,
ჩემი სიცოცხლის თეთრ ფურცელზე შავად მოქარგავს.
* * *
შემეშინდება,მე უზომოდ შემეშინდება,
შემეშინდება სიმარტოვის,სიკვდილის ცელის,
სიცოცხლეს მხოლოდ მიტომ დავთმობ,რომ ვიცი,ვიცი,
ვიცი ამ შავი ფარდის იქეთ არავინ მელის.
* * *
ვიცი არავინ მომიგონებს თბილი სიტყვებით,
არავინ იტყვის სადღეგრძელოს ხსოვნისას ჩემსას,
სულის სიღრმეს კი კვლავ ჩაწვდება დარდი და სევდა,
მე ვიგრძნობ სიკვდილს,ვიგრძნობ ყინულს და ვიგრძნობ ცელვას.
* * *
გავა წლები და ნიაღვარი იქნება ცრემლის,
ერთგული მხოლოდ ცრემლი შემრჩა,სულ არ მშორდება,
სული ნიაღვარს ვერ გაუძლებს დროთა ქარტეხილს,
და ასე ობლად უპატრონოდ ისიც მოკვდება.
* * *
ეს ყველაფერი სულ წამებში მოხდება ვიცი,
და დავიწყებას მიეცემა ჩემი ხატება,
ეგ არაფერი,მე ავიტან,მაგრამ ვტირი რომ,
უპატრონო მკვდრებს კიდევ ერთი შეემატება.
P.S. აღნიშნული ლექსი ავიღე “თბილისის ფორუმიდან”,თუმცა მისი ავტორი ჩემდა სამწუხაროდ,ვერ დავადგინე.ამიტომ,თუკი მომაწოდებთ ავტორის ვინაობას,მეც უმალვე მივუთითებ მას. – (ავტორი გებნია.ჯი)