ფილეტე კოსელი
ფილეტე კოსელი (ძვ.წ.აღ-ით 340-285 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ ძველბერძენ სწავლულს,მწერალს,გრამატიკოსსა და პოეტს,რომელმაც თვითგანათლებას საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შესწირა.სწორედ ფილეტე გახლდათ ის პირველი სერიოზული მწერალი,ვინაც არა მხოლოდ მწერლობაში დატოვა თავისი კვალი,არამედ პოეზიასა და მეცნიერებაშიც. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან ასოცირდება ისეთი იშვიათი ლიტერატურული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის შექმნა,რომლებიც გამოყენებული გახლდათ გენიალური ძველ ბერძენი პოეტის – ჰომეროსის მიერ შექმნილ უკვდავ პოემებში – “ილიადა” და “ოდისეა”.ფილეტე კოსელმა სახელი განსაკუთრებით გაითქვა ელეგიური ჟანრის პოეტური ნაწარმოებების შექმნით.მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს წარმოადგენდა ელეგიური ჟანრის პოემები – “დემეტრა” და “ჰერმესი”,რომელთაც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ გვიანდელი პერიოდის ავტორები.გარდა ამისა,მის კალამს ეკუთვნის ლექსების კრებული – “სათამაშოები” და “ეპიგრამები”.ფილეტეს ბიოგრაფიის შესახებ ცნობები მეტად მწირია.ძველი ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ,რომ იგი დაიბადა საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ – კოსზე.ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდგომ დიადოხებს შორის ამტყდარი ომების შედეგად,მაკედონელის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია სხვადასხვა სამეფოებად დაიშალა.იმ პერიოდისათვის კუნძული კოსი პტოლემე I სოტერმა თავის ოპონენტს ანტიგონე I ცალთვალას წაართვა და იგი ეგვიპტეს დაუქვემდებარა.პტოლემეს ვაჟმა და მემკვიდრემ – პტოლემე II ფილადელფოსმა ფილეტე ალექსანდრიაში გადაიყვანა,სადაც მან განათლება მიაღებინა მისსავე დას და შემდგომში მეუღლეს – არსინოე II-ს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა არსინოესი,ფილეტე გახლდათ მასწავლებელი ისეთი სახელოვანი პოეტებისა და გრამატიკოსებისა,როგორებიც გახლდნენ – თეოკრიტე,ჰერმესიანქტე და ზენოდონტე ეფესოელი.ალექსანდრიიდან მშობლიურ კუნძულ კოსზე დაბრუნების შემდგომ ფილეტე სათავეში ჩაუდგა ადგილობრივი ინტელექტუალებისა და პოეტებისაგან დაკომპლექტებულ საზოგადოებას.იმავე პერიოდში იგი ერთობ გაიტაცა მეცნიერებამ.მისი თანამედროვეების გადმოცემის თანახმად,ფილეტე ფიზიკურად ძალიან სუსტი ადამიანი ყოფილა და ხშირადაც ავადმყოფობდა.არის ცნობები იმის შესახებაც,რომ ძლიერი ქარის დროს,კოსელი ფეხსაცმლით ტყვიის მძიმე მასას ატარებდა,რათა მისი დაუძლურებული და სუსტი სხეული ძლიერ ქროლვას არ აეტაცებინა (ამ ფაქტს ერთობ ირონიულად აღნიშნავდა დიდი რომაელი ფილოსოფოსი და მწრალი – კლაუდიუს ელიანე).მეცნიერებამ იმდენად ჩაითრია,რომ იგი საჭმელადაც კი ვერ იცლიდა.მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ამოეხსნა იმ პერიოდში ერთობ პოპულარული თეორია – “სიცრუის პარადოქსი” (თუკი ადამიანი ამბობს: “მე ვცრუობ!” – ეს გახლავთ ჭეშმარიტი განცხადება თუ სიცრუე).სწორედ აღნიშნული თეორიის ამოხსნის მცდელობა გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ფილეტე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთ უმნიშვნელოვანეს და სასიცოცხლოდ აუცილებელ საშუალებებსაც კი არ აქცევდა ყურადღებას,როგორიც არის კვება და ძილი.მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ საკუთარი ჯანმრთელობისადმი,საბოლოო ჯამში ფილეტე კოსელი ძვ.წ.აღ-ით 285 წელს იმსხვერპლა.შიმშილისა და უძილობისაგან გარდაცვლილ ფილეტეს ადგილობრივებმა ბრინჯაოს ძეგლი აუგეს. (ავტორი გენია.ჯი)