იოსებ გრიშაშვილი – “ჩემი ლოცვა”

მეუფეო,ჩემი ლოცვა დღეს იქნება სულ სხვა გვარი:

მე არ მინდა სასწაულად მომივლინო ნინოს ჯვარი,

ახ,არ მინდა მე არც საბა,ახ არ მინდა არც ისახარ -

დღეს ჩემს გულში,მეუფეო,სულ სხვა ლოცვა ჩაისხა:

მე მინდა რომ საქართველო, – ეს სამოთხის შვების წყარო, -

მტრებს არ მისცე საჯირითოდ,შეიტკბო და შეიყვარო!

* * *

მეუფეო! ყოველ მხრიდან გვეხვეოდა მტერი გველად:

ჩვენი სულის ჩასაქრობად,ჩვენი ნიჭის ასაგველად;

სელჯუკები,მონღოლები გვეცემოდნენ ურდო-ურდოთ…

მაგრამ კმარა,მეუფეო,აღარა გვსურს გავიქურდოთ,

გვეყო,გვეყო ეს სასჯელი,ესოდენი ჭირი,სენი…

საქართველო,მეუფეო,დაიხსენი… დაიხსენი…

* * *

ღმერთო! ხმლების ნიშნობაში ბევრჯელ დილა დავაღამეთ,

ბევრჯელ ჩვენი პერანგები მტრების სისხლით გავახამეთ, -

და ჰა,ღმერთო,ხელაპყრობით გევედრება ხალხის გული:

მზით შეგვიმკე ჩვენ ეს შუბლი,შუბლი ტანჯვით გადახნული,

დაგვაძინე როგორც ქარი,გაგვაღვიძე როგორც მთვარე…

საქართველო,მეუფეო,დაიფარე… დაიფარე…

* * *

და, მაშ ვიდრე ლოცვად ვდგევარ, და მაშ ვიდრე დარი არი,

გაგვიმაგრე,მეუფეო,ბამბაკი და დარიალი.

და სიმტკიცის დასაცველად,ჩვენი ციხის ზღაპრულ კედელს

ჩამატანე დედის ერთა: ნუ დასტოვებ ჩაუკეტელს,

რომ სუყველამ ეს სიტყვები გულში მცნებად ჩაისახოს:

ვინც სიკვდილის გზაზედ მიდის – მან სიცოცხლე უნდა ნახოს.

* * *

მაგრამ თუ კი,ჰოი ღმერთო,ჩაგვითვლიან ლოცვას ტყვილად:

ლოცვას წყევლად გადავაქცევთ,ავადუღებთ ცრემლებს ტყვიად -

და ვაი მას,ვინც მტრის სტვირზე თავის ჰანგსაც ახმატკბილებს,

მას პასუხსაც არ ვაკადრებთ,მას ჩავუმტვრევთ სიბრძნის კბილებს,

მას შხამადაც შერგებია ჩვენი დედის ტკბილი ხსენი…

საქართველო,მეუფეო,დაიხსენი… დაიხსენი…

კომენტარის დატოვება