ტერენტი გრანელი – “გულიდან სისხლის წვეთები”

“მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში,როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია,რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,როგორც ზღვას,სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია…

ვფიქრობ: მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი.მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. (ავტორი გენია.ჯი)

მე პოეზიამ მაგრძნობინა,რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული,რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა,როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს,რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. (ავტორი გენია.ჯი)

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან,რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაცა სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის,გარეთ ისევ ქარიშხალია,წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>