რა დატვირთვას ატარებდა კატა ძველ ეგვიპტელებში?!
ზუსტად დადგენილი არ არის,თუ რამდენი დროა გასული მას შემდეგ,რაც ერთად ცხოვრობს ადამიანი და კატა (სავარაუდოდ 10 000 წელიწადი),თუმცა ცნობილია,რომ სწორედ ის გახლავთ ერთადერთი ცხოველი,რომელიც თავად გაუშინაურდა ადამიანს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. (ავტორი გენია.ჯი) ძველ ეგვიპტეში მოშინაურებული კატების შესახებ პირველი ცნობები ძვ.წ.აღ-ით მესამე ათასწლეულიდან იღებს სათავეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ უძველეს ცივილიზაციაში შინაური კატების არსებობა აუცილებელი წინაპირობებით იყო ნაკარნახევი.ეგვიპტის მოსახლეობა იმავითვე სოფლის სამეურნეო საქმიანობით ირჩენდა თავს და როგორც სხვა აგრარული ქვეყნების მოსახლეობა,ეგვიპტის მოსახლეობისთვისაც უდიდესი ზიანის მომტანი გახლდათ მღრნელები და სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლები.თავდაპირველად კატებს მღრნელებთან და ქვეწარმავლებთან საბრძოლველად გამოიყენედნენ და მათ ამ თვისებების გამო აფასებდნენ კიდეც.გარდა ამისა,ვირთხებზე ნადირობის ოსტატ ცხოველებს იმისთვისაც სცემდნენ პატივს,რომ ისინი ვირთხების განადგურებით ადამიანებში იმ პერიოდისათვის ერთობ გავრცელებული დაავადების – ჭირის გავრცელებას უშლიდნენ ხელს.შესაბამისად,კატები ძველი ეგვიპტელებისათვის ძალიან ფასეულ ცხოველებს წარმოადგენდნენ.საწყის პერიოდებში კატების პირად საკუთრებაში ფლობა მდიდარი ეგვიპტელების პრივილეგიას წარმოადგენდა,თუმცა მათი მასობრივად გამრავლების შედეგად,კატებმა ყველა სოციალური ფენის ეგვიპტელის სახლში დაიდეს ბინა. (ავტორი გენია.ჯი)
კატის,როგორც წმინდა ცხოველის აღიარება,ძველ ეგვიპტეში ძვ.წ.აღ-ით მესამე ათასწლეულშივე განხორციელდა და ეს დაკავშირებული გახლდათ ქალაქ ბუბასტისის დაარსებასთან.აღნიშნული ქალაქი აგებული იქნა იმ რეგიონში,სადაც განსაკუთრებულ თაყვანს მიაგებდნენ კატისთავიან ქალღმერთ – ბასტესს (ნაყოფიერების,მხიარულების,სიყვარულისა და სიხარულის ძველ ეგვიპტური ქალღმერთი).სწორედ ბასტესი იქცა კატების,როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის ქვაკუთხედი ძველ ეგვიპტეში.მათ დროთა განმავლობაში იმდენად დიდი დატვირთვა შეიძინეს,რომ,როდესაც ძველ ეგვიპტელს კატა მოუკვდებოდა,მის სხეულს,ისევე როგორც გარდაცვლილი ადამიანის სხეულს – მუმიფიცირებაც კი უკეთდებოდა.გარდა ამისა,გარდაცვლილი კატის მეპატრონის ოჯახი მთელი სამოცდაათი დღის განმავლობაში გლოვობდა (მუმიფიკაციის პერიოდი) და ამის აღსანიშნავად სამგლოვიარო ტანისამოსსაც ატარებდა.საბოლოო ჯამში,მუმიფიცირებული კატის სხეულებს ძველი ეგვიპტელები დიდი პატივით კრძალავდნენ სპეციალურად გამოყოფილ სასაფლაოებზე. (ავტორი გენია.ჯი)