ამონარიდი უილიამ შექსპირის პიესიდან – „ჰამლეტი”
„ – მონასტერში წადი, მონასტერში. რად გინდა ქვეყანაზედ ცოდვიანები გაამრავლო? აი, თუნდ მეც, არა მგონია უპატიოსნო კაცი ვიყო, მაგრამ იმდენი ნაკლოვანებები მაქვს, რომ ვამჯობინებდი დედიჩემის მუცლიდან არა ვშობილიყავ. მეტის-მეტად ამპარტავანი ვარ, ჯავრის გადამხდელი, პატივმოყვარე; გულში იმდენი განზრახვა მიტრიალებს, რომ გონებაში აღარ მეტევა. თვალით ვერ წარმომიდგენია და დროც არა მყოფნის მათ შესასრულებლად. რისთვის დაძვრებიან ჩემისთანა სულდგმულები ცისა და დედამიწის შუა? ჩვენ ყველანი მატყუარები ვართ. ნურც ერთს ნურას დაგვიჯერებ. წადი მონასტერში… თუ ქმარს შეირთავ, ეს სიმწარე მზითვად გამომიტანებია: ყინულსავით რომ უმანკო იყო და თოვლსავით წმინდა, მაინც ცილისწამება არ აგცდება. გეუბნები, მონასტერში წადი, მშვიდობით, თუ მაინდამაინც ქმარს შეირთავ, სულელი შეირთე, თორემ ჭკვიანებს კარგად ესმით, რა საშინელებასაც იმათ უმზადებთ. მონასტერში წადი, წადი ჩქარა. მშვიდობით”… (ავტორი გენია.ჯი)