იოჰანეს კეპლერის გამაოგნებელი ქმედება…
კალვინიზმის მხარდაჭერასა და ერესში დადანაშაულებული გენიალური გერმანელი ასტრონომი,მათემატიკოსი და თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ-ერთი ფუძემდებელი – იოჰანეს კეპლერი (1571-1630 წლები) სულის სიღრმემდე შეძრა ექიმის ცნობამ იმის შესახებ,რომ მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის – კატარინას გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იყო. (ავტორი გენია.ჯი) შეძრულ მამას არ სურდა,რომ მისი პატარა გოგონა იმიერში უფლის წინაშე მოუნათლავი წარმდგარიყო.ამიტომ გადაწყვიტა,რომ სანამ სიკვდილი წაჰგვრიდა მის თავს,სრული ქრისტიანული წესით მოენათლა იგი.მაგრამ,კეპლერმა კარგად უწყოდა,რომ ეკლესიის მიერ შეჩვენებული ადამიანის ოჯახში არც ერთი სასულიერო პირი არ შედგამდა ფეხს.იოჰანესი მეუღლეს – სუზანას გამოუტყდა,რომ კატერინას მონათვლას აპირებდა,თუმცა ცოლს წამოცდა: “- არც ერთი მღვდელი არ მოვაო”.
- მე თვითონ მივალ, – ხმადაბლა ანუგეშა მეუღლე კეპლერმა და სახლიდან გავიდა.
შუაღამე იდგა.ზომიერად ციოდა.დუნაის ყინულის ქერქი ჯერ არ გადაჰკვროდა.სუფთა,გრილი სიო უბერავდა.მღვდელ დანიელ ჰიცლერის სახლისკენ მიმავალი იოჰანესი გზაზე შეჩერდა.
- ღმერთო, – წაიჩურჩულა მან, – ღმერთო მაღალო,მაპატიე,მაგრამ არ ძალმიძს.
გამობრუნდა და აჩქარებით გაეშურა შინ,ეგებ ბავშვს ცოცხალს მივუსწროო.წუხდა,მომაკვდავ პატარასთან ცოლი მარტო არ უნდა დამეტოვებინაო.არადა აუტანელი იქნებოდა,მღვდელს რომ უარით გამოესტუმრებინა.მღვდელსაც აბა სხვა რა უნდა ეთქვა უარის გარდა,შტუტგარტის კონსისტორიას ხომ ჯერაც არ გადაეწყვიტა,ისევ ითვლებოდა კეპლერი თემის წევრად თუ არა. (ავტორი გენია.ჯი)
ჰქონდა კი უფლება,დაეძალებინა მღვდელ ჰიცლერისთვის გადაუდებელი ნათლობის ჩატარება საკუთარი სინდისის წინააღმდეგ? ან როგორ მოქცეულიყო,თუ შეეკითხებოდნენ,მოაწერ ხელს კონკორდების განაწესს,შვილი საეკლესიო წესით რომ მოგინათლოთო? კეპლერი გრძნობდა,გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო და ქვეშეცნეულად გაურბოდა ამაზე ფიქრს.
სუზანა მარტოდ დაბრუნებულ იოჰანესს უსაყვედუროდ შეხვდა.
- მე მასთან არ ვყოფილვარ, – მხოლოდ ეს უთხრა ცოლს.
დაღვრემილმა ქალმა უხმოდ დაუქნია თავი.
- რა ვქნათ? – ისე საცოდავად,სასოწარკვეთილი ხმით იკითხა დედამ,რომ კაცს გული დაეწვა.შეეცადა ჩაეხშო ტკივილთან ერთად მოულოდნელად გაჩენილი აზრი: “მე თვითონ უნდა მოვნათლო!”
“არა, – უთხრა თავის თავს, – უფლება არა მაქვს,მე ხომ მღვდლად ნაკურთხი არა ვარ.ეს ღვთის გმობაა.რა უფლება მაქვს ღვთისმსახურება შევასრულო, – მე ხომ ერისკაცი ვარ.ამის უფლება არა მაქვს,მაგრამ განა ბავშვი პირუტყვივით მოუნათლავი უნდა მოკვდეს? ტიუნბინგენში მხოლოდ თეოლოგიის საფუძვლების შესწავლა მოვასწარი.სასულიერო წოდების მიღება კი არ მადროვეს,ისე გამომიშვეს.მე მათემატიკოსი ვარ და არა თეოლოგი.მართალია უფლება არა მაქვს,მაგრამ ხომ ვიცი,როგორ სრულდება ეს საეკლესიო წეს-ჩვეულება,რის შემდეგაც ადამიანის სული ღვთის სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს”.
ტრაგიზმით აღსავსე იოჰანესმა თვალი შეავლო ცოლს.ზეთის ლამპის შუქზე მის გაფითრებულ,გახევებულ,გატანჯულ სახეს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
იგი ადგა,ტოლჩით წყალი მოიტანა და მიუხედავად იმისა,რომ მისი არსება შინაგან ჯანყს მოეცვა,მანამდე გაუგონარი რამ აღასრულა – იოჰანეს კეპლერმა აკვანში მწოლიარე თავისი მომაკვდავი ქალიშვილი თავადვე მონათლა.ამ დროს კი მისი სახე მოთქმაზე უფრო მძიმე ასატანი იყო. (ავტორი გენია.ჯი)