ვახტანგ გორგანელი – “პოეზია”

არა ცრემლის,არა ელდის,

სულ რომ ბოღმით ლესავს გულებს,

არა იმედდაკარგულის,

სიცოცხლეს რომ შეგაძულებს, -

მე მწამს ლექსი,უკუნეთშიც

ნუგეშით რომ მოგანათებს,

სიყვარულით დაგბუგავს და

კვლავ სიყვარულს მოგანატრებს;

მე მწამს ლექსი,მთებს შორის რომ

ძმობის ხიდად გასდებს სიმებს,

გუთნის კვალში ჩაგაყენებს

და სიხარულს გათესინებს;

მე მწამს ლექსი,ცისკარივით

რომ დაჰხარის სავსე თაველს,

ერთს კი არა,ათას ენგურს,

რომ დასძრავს და აქცევს მთვარედ;

მე მწამს ლექსი,იებში რომ

ისევ იის თრთოლვას ურევს.

კოლხეთში რომ დაგღვრის ოფლად

და კვლავ შრომას მოგაწყურებს;

მე მწამს ლექსი,რომ ჩაგივლის

ვით ღიმილი ლამაზმანთა,

მერე წახვალ და მის ეშხზე

ცელს მოიქნევ ალაზანთან;

მე მწამს ლექსი,განთიადზე

რომ დაასწრებს არწივს ყივილს,

ხმალშემართულ ვაჟკაცთ შუა

რომ იელვებს მანდილივით.

არა ცრემლის,არა ელდის,

არა ტანჯვის,არა სიმწრის, -

გაუმარჯოს პოეზიას

სიცოცხლის და მარად წინსვლის!

კომენტარის დატოვება