ნინო სიხარულიძე – “სიყვარულია”
ჰო,ესმერალდას კვაზიმოდო არ ჰყვარებია,
ჰო,შანდორ პეტეფს გაექცა ცოლი
და კატინკამაც უარყო ტატო -
სიყვარულია მაშველი რგოლი,
რომელსაც ბევრი ამაოდ ნატრობს.
ჰო,ბევრსაც ბევრი დასიზმრებია
და დარჩენილა სიზმრის ამარა -
სიყვარულია ის საოცრება,
მათი ოცნება რომ ასამარა…
…მოუწყენიათ ქუთათურ ვარდებს,
ზეცაც ქუფრია და ფერწასული,
დღეს გაფრინდება,დღეს გაფრინდება
შერვაშიძეთა ნაზი ასული.
და, რადგან მერის თვალები ჩრდილავს,
ზეცა შერცხვენილ ვარსკვლავებს მალავს,
სად ატარებდა მწუხარე ქარი
ტაძრიდან გასულ მწუხარე გალას…
…ვინ ატირებდა დილამდე არღანს,
ვინ მოინატრა მტკვარზე ქეიფი -
ფოთლების ფარჩას მიხვეტავს ქარი,
ვით მარგარიტას კაბის შლეიფი.
კმარა,ნიკალავ! დაჭკნა ვარდები,
კაფე-შანტანშიც დაეშვა ფარდა,
დრო მოვა,ყველას შეუყვარდები,
გულში რომ გიზის,იმ ერთის გარდა,
მაგრამ ის ერთი შერჩება ხსოვნას,
ერთის გარშემო ბრუნავს სამყარო -
სიკვდილო,გიჯობს,ეს აღიარო
და მარცხის ნიშნად თავი დახარო…
ჰო,ესმერალდას კვაზიმოდო არ ჰყვარებია,
ჰო,შანდორ პეტეფს გაექცა ცოლი
და კატინკამაც უარყო ტატო -
სიყვარულია მაშველი რგოლი,
რომელსაც ბევრი ამაოდ ნატრობს.