შოთა ნიშნიანიძე – “რა უცნაური ერი ვართ”

რა უცნაური ერი ვართ -

არ შეგვერხევა წარბი,

თუმც ერთმანეთში გვერევა

ჭეშმარიტი და ყალბი.

* * *

ჩემს ნაცვლად სასწავლებელში

შვილი მიიღეს ჩარჩის,

იმ ჩარჩის შვილის მაგიერ

მე გამაგზავნეს ჯარში.

* * *

ერთი გოგონა მიყვარდა -

მართლაც ერთგული ყოვლად,

სანამ ჯარიდან დავბრუნდი,

სხვამ წაიყვანა ცოლად.

* * *

საჩემო ჯილდო-ტიტული

სულ სხვას რგებია წილად.

ჩემს ნაცვლად სხვაა მსაჯული -

სხვა განაგებს და წირავს.

* * *

რაინდი ხარ და სულგრძელი,

ჩემო წმინდანო ერო,

აბა ამდენი თავხედი

ვით გაიტანდა ლელოს.

* * *

სხვას უხდი ქუდს და მადლობას

და კერპად იხდი ბოლოს,

მე მის მაგიერ ვარსებობ,

ის ჩემს მაგიერ ცხოვრობს.

კომენტარის დატოვება