დესიდერიუს ერასმუსი – “ეპიზოდი”
კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივ პერიოდში არც ერთ ფილოსოფოსს არ მოუპოვებია ისეთი პოპულარობა,როგორიც მოიპოვა რენესანსის ეპოქის გენიალურმა ნიდერლანდელმა ჰუმანისტმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა – დესიდერიუს ერასმუსმა (1466-1536 წლები).ერასმუსისდარი პოპულარობით მომდევნო საუკუნეებში მხოლოდ და მხოლოდ ვოლტერმა ისარგებლა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის ყველაზე გავლენიანი მმართველები და ყველაზე სახელოვანი მეცნიერები მუდმივ მიმოწერას აწარმოებდნენ სხვადასხვა საკითხებზე დესიდერიუსთან.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მათ ერასმუსისაგან უმეტესწილად ბრძნული რჩევები ესაჭიროებოდათ.საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა მას “სამეფო მრჩევლის” ჩინი უბოძა, და ეს მაშინ,როდესაც დესიდერიუსის აუცილებელ მოვალეობას სრულიადაც არ წარმოადგენდა არა მარტო მისთვის რჩევების მიცემა,არამედ საიმპერატორო სასახლის კარზე ყოფნაც კი.მოგზაურობის მოყვარული ნიდერლანდელი ფილოსოფოსი დაკავებული გახლდათ კლასიკური ავტორების ხელნაწერების შეგროვებით,თუმცა თავადაც წერდა ლიტერატურულ ქმნილებებს.”ჰუმანისტების უფლისწულად” წოდებული დესიდერიუსი განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ომებს.მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიერ წაქეზებულ ომებსაც (ჯვაროსნული ლაშქრობები).თავის სატირაში – “ქება სისულელისა”,ჰუმანისტი-ფილოსოფოსი მკვეთრად დაუპირისპირდა ომის მოსურნე გავლენიან მთავრებს.იგი დანანებით წერდა: “თანხმობა არსებობს გარეულ და სისხლისმსმელ ცხოველებს შორისაც კი.ლომი არასოდეს დალევს თავისი მსგავსის სისხლს.ფოცხვერებს შორის მშვიდობა სუფევს.თამხმობაა მგლებს შორისაც… ხოლო ადამიანები,რომლებიც დაჯილდოვებული არიან გონებითა და მეტყველებით – ომობენ”.
ეკლესიის მიერ წაქეზებული ბრძოლების შესახებ კი წერდა: “რა საერთო აქვს ეპისკოპოსებსა და სხვა სასულიერო პირებს ხმალთან? როგორ შეიძლება ერთი და იგივე ბაგეთაგან ისმოდეს ქრისტესმიერი მშვიდობისა და ამავე დროს,ომის ქება? ხალხის უდიდეს ნაწილს სძულს ომი და მშვიდობისათვის ლოცულობს.მხოლოდ მცირეოდენთ,რომელთა ბოროტი კეთილდღეობა დამოკიდებულია ხალხის მწუხარებასთან,სურთ – ომი”. (ავტორი გენია.ჯი)