ამონარიდი გივი მაღულარიას შემოქმედებიდან – „მეამბოხენი”
„ – შეიძლება, ზოგიერთს ისიც კი მოეჩვენოს, რომ ჩვენივე თავის მტერი ვართ, არ ვცდილობთ შევკავშირდეთ, გავერთიანდეთ, დანგრეული აღვადგინოთ, კანონიერება დავნერგოთ, ერთი სიტყვით, ქვეყანას და საკუთარ თავს მოვუაროთ, მაგრამ, იქნებ, ჩვენ სხვებზე უკეთ ვიცით, რომ როგორც არ უნდა შევკავშირდეთ და გავერთიანდეთ, ირგვლივ შემოსეულ მტრებს მაინც ვერ მოვერევით. იქნებ, იმიტომ არ ვაშენებთ და არ ვაწესრიგებთ არაფერს, რომ მძარცველები ჩვენს ნაშრომსა და ნაღვაწს ერთ დღეში გააცამტვერებენ, იქნებ, სწორედ ის დრო დაგვიდგა, როცა უკეთესია ღარიბ-ღატაკნი ვიყოთ, ვიდრე მდიდრები. იქნებ, იმიტომაც დავიშალეთ და დავისაქსეთ, რომ გვირჩევნია მტერს ერთი სახელმწიფოს ნაცვლად ათ სახელმწიფოსთან, ათ მეფესთან და თავადთან ჰქონდეს საქმე. იქნებ, ათი დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბრძოლის წაგებას, ასი პატარა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლის წაგება გვირჩევნია… ჩვენ რომ დიდი ერი ვიყოთ, სხვების დაპყრობის თავი რომ გვქონდეს, მაშინ ჩვენ გაერთიანებას წინ არაფერი დაუდგებოდა, მაგრამ ჩვენ არსებობისათვის, თავის გადასარჩენად ვიბრძვით და ყველაფერი, რასაც ცუდად თუ კარგად ვაკეთებთ, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება”… (ავტორი გენია.ჯი)