ჯემალ აჯიაშვილი – “უნდა შეგეძლოს ოდინდელი სიბრძნის შენახვა”
უნდა შეგეძლოს ოდინდელი სიბრძნის შენახვა,
რომ გზა,რომელიც გაიარეს თხამ და ვენახმა,
არ წარიხოცოს უთავბოლო სოფლის ბრუნვაში
სისხლით,რომელიც მოსისხარო,ხელზე შეგახმა.
* * *
ხამს,დაიხსომო – ვინ დაეცა,ვინ აღემაღლა
და წრე,რომელიც შემოწერეს თხამ და ვენახმა,
ღირსყო,ვითარცა,ღირსეული მამის ულვაში
და გამარჯვების სადღეგრძელო წართქვა ხელახლა.
* * *
მკვლელი მკვლელს აშთობს,ეწირება ზვარაკს ზვარაკი,
ამას გვაუწყებს უძველესი იგავ-არაკი;
მკვრივდება გრდემლი – განალღობი,ტყვია გამბალი,
ისევ ნიშნს უგებს ქონდრისკაცი შემთვრალ არქიელს
და აჭაშნიკებს ჭაშნაგირთა ძველი ამქარი
ზესკნელ-ქვესკნელის უსასრული იერარქიებს…