აკაკი ბაქრაძე – რას გამოსახავს აკაკის „სულიკო”?
„ვასილ ბარნოვი ფიქრობდა, რომ „სულიკოში” გამოხატულია სატრფო-სამშობლოს ძებნის ტკივილი…
გრიგოლ რობაქიძე ვარაუდობდა, რომ „სულიკო” სატრფო-მშვენიერების ძიებაა…
ჩემი აზრით კი, „სულიკო” დაკარგული ღმერთის ძებნაა.
…სულ უბრალო კითხვა დავსვათ: რა შეიძლება იყოს, გარდა ღმერთისა, დამარხული, შენახული ვარდში, ბულბულში და ვასკვლავში? ცხადია, არაფერი. ერთადერთი, რისი საფლავიც (ანუ შემნახავი) შეიძლება გახდეს სამივე, არის უზენაესი, რაკი იგი ყველგან სუფევს. არსებითია ისიც, რომ ძიება მიმდინარეობს ვერტიკალურად – ქვევიდან ზევით, მიწიდან ცისკენ. ამაღლების პროცესიაა ნაჩვენები. საერთოდ, აკაკის პოეზიაში მოძრაობა ყოველთვის ქვევიდან ზევით არის მიმართული. ესეც განაპირობებს იმას, რომ აკაკის ლექსების დიდ ნაწილს საგალობლის ხასიათი აქვს.
ცხადია, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს „სულიკოში” ნათქვამი: „სამად დაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდათო”. ქრისტიანული კონცეფციით ღმერთი სამპიროვანი ერთარსებააა. ლექსში კი ამის პირდაპირი მინიშნებაა. ამჯერად ამ კონკრეტულ სტრიქონში მოძრაობა ზევიდან ქვევით, ციდან მიწისკენ მომდინარეობს: ვარსკვლავი-ბულბული-ვარდი. ეს კი უფლის მოვლინების სურათია.
საყვარლის პოვნა პოეტს უდიდეს სიხარულს ჰგვრის: „და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამოითქვამს ენითა”. თუ ადრე პოეტს უიმედობა და სასოწარკვეთილობა ფლობდა, ახლა კი უკვე „ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე, რომ მწარედ კრულ იყო”…
რამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანს ესოდენ უზომო სიხარული? პასუხი, ჩემი აზრით, ერთი შეიძლება იყოს: დაკარგული ღმერთის პოვნამ და სწორედ ამ სიხარულის ლექსია „სულიკო”. (ავტორი გენია.ჯი)