ამონარიდები ბესიკ ხარანაულის წიგნიდან – „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის”
„ყველაზე ძნელია ადამიანობა. მოდი, გავხდეთ ადამიანი! ყველაზე ძნელია სიყვარული, ვცადოთ სიყვარული!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მომწიფების კვალობაზე, ადამიანში იმდენი ახალი გრძნობა იბადება, ისე შეემატება ხოლმე მის სისხლს მღვრიე ნაკადები, ისე ფართოვდება მისი ცნობიერება, ისე ცდილობს მეორეხარისხოვან ცოდვებს გემო გაუსინჯოს, იმდენი აქვს საჩუმათო და დასამალი, რომ კარის ჩაკეტვაც ისევე ხშირად უნდება, როგორც გაქცევა. ძველ ადგილს, ნაჩვევ გარემოს, ჩვენც, უფროსებს, ჯიბრში გვიდგება, რადგან თვინოთ სრულიად ახალია”.
* * *
„ადამიანი, ყველა ასაკში განუწყვეტლივ ახლის მოლოდინშია”.
* * *
„რისი დაწერაც არ შეიძლება, იმისი არც ყურება ღირს და არც ცოდნა…”
* * *
„ – ბატონებო და ქალბატონებო! ადამიანის მოდგმა დაუსაბამო წარსულიდან დაუსაბამო მოსვლამდეა დედამიწის მკვიდრი. ერთი ადამიანი კი ერთი დღე-ღამის სტუმარია”.
* * *
„დავუმალოთ ბავშვებს სიკვდილი! რადგან ირგვლივ სუყველა კვდება და ეს ძალზე სამარცხვინოა: ლამაზი კვდება, ჭკვიანი კვდება, სულელი კვდება, სუყველა კვდება… მე არ მინდა, რომ ასე იყოს, ვიღაც მაინც არ უნდა მოკვდეს!.. დაე, ღმერთმა მოგვცეს ამის ნიშანი, წინ დაგვიყენოს – კოჭლი მაინც, სულელი მაინც – ვინც არ მოკვდება. ნუ კვდება წუთი, ნუ კვდება წამი, ნუ კვდება დღე…”
* * *
„ღირსებით ხალხში გასვლა სახიფათოა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაც, ამდენი გაჭირვებაა ქვეყნად, ამდენი მტერია და უსამართლობა და ვიღაც სულელს და უპასუხისმგებლოს კი, რაღა უხარია… რომელი ჭკვიანი და ბრძენი გინახიათ გაკრეჭილ-გაცინებული?.. აბა, დაათვალიერე გონებაში მათი პორტრეტები!..”
* * *
„ადამიანობას ყოველდღე უნდა ავსება. იმიტომ, რომ ყოველ დილას ცარიელია და თავიდან უნდა აავსო”.
* * *
„ბავშვს, უფროსების ქვეყანაში შველის ის, რომ ბევრი ფანჯარა აქვს სამყაროში გაჭრილი და უფროსები ვერ ასწრებენ მათ ამოქოლვას”.
* * *
„სამოთხიდან გამოგდება სირცხვილის აღიარებაა, გამოგდებულის პირველი განცდა კი სირცხვილის დაფარვა. იმ სამყაროს ბაღში სარცხვენელი სახელი არაფერს ერქვა… სარცხვენელი და საძაგელი სახელი ბაღს აქეთ ჰქვია ყველაფერს”.
* * *
„ – სტალინი ხო მოკვდა.
- სტალინი კი მოკვდა, მაგრამ ქვეყანა ისევ იმაზე დგას, რაზეც იდგა.
- რაზე?
- შიშზე, დაშინებაზე, შპიონობაზე, კვლაზე, რა ვიცი… მაგათ იციან, რომ თუ შიში არა, ამხელა ქვეყანას მარტო ტყუილით ვერ დაიჭერენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უნდა ითქვას, რომ შიშის ზონაში ნამყოფ, შიშის ჰაერნასუნთქ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე შემდგომში და თანდათანობით, მომაკვდინებლად იმოქმედა მარწუხების მოფონებამ, მოდუნდა მათი სიფხიზლე, განელდა თავდაცვის მაცოცხლებელი ინსტიქტი, მოტყდნენ, მობერდნენ, აზრი დაკარგეს და წარამარა იწყეს აფეთქება მოულოდნელ ნაღმებზე, რომელთაც უცხო სახელები ერქვათ – კიბო, ინსულტი, ინფარქტი… ასე დასრულდა დროებითი ვარჰალალო თავახსნილი მონებისა, ძველმა არც წესიერებამ ჩაიარა უკვალოდ და არც უწესობამ, არც უფროსობამ და არც მორჩილებამ, ცოდვიანები ცოდვას გაჰყვნენ, უცოდველები – არცოდვას”.