უილიამ შექსპირი – “სონეტი CXXVII”

წინათ შავგრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა,

არვინ ეტრფოდა,რაც ბუნებამ შავად დაქარგა,

ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა,

და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა.

* * *

აღარ აცდიან დღეს ბუნებას დიდოსტატობას,

ფერუმარილით სიმახინჯე ყველამ დაფარა,

თავის საყდარი სილამაზემ თვითონ დასტოვა,

და უცხო მხარეს გადიხვეწა მიუსაფარად.

* * *

სატრფოს შავ თვალებს მეც შევცქერი დღეს გატაცებით,

ფერი გლოვისა ალამაზებს თვალებს უცოდველს,

ალბათ იმიტომ მოუხურავს შავი ძაძები,

რომ სიმახინჯეს მშვენევა და ეშხი უწოდეს.

* * *

მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,

რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.

კომენტარის დატოვება