ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ფრანგი მწერალი - ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები) საკუთარ თავს “მანდილოსნების სულიერი სამყაროს” ღრმა მცოდნედ მიიჩნევდა და ამით ერთობ ამაყობდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,დიდი ფრანგი ლიტერატორი და მისი უცხოელი მეგობარი პარიზის პარკში სეირნობდნენ.ბალზაკმა მეგობართან ბაქიაობა დაიწყო,რომ ნებისმიერი “მანდილოსნების სულიერი სამყაროს” შეცნობა შეეძლო.სწორედ ამ დროს,მათ პარკში მოსეირნე ორი არისტოკრატულად შემოსილი ქალბატონი შემოხვდათ.ონორეს ბაქიაობით გულშეღონებულმა მეგობარმა ბალზაკს უთხრა,რომ თუკი ასე კარგად ერკვეოდა ზემოაღნიშნულ საკითხში,მაშინ ისიც კარგად უნდა სცოდნოდა,თუ რას წარმოადგენდა ის ორი ქალბატონი,რომლებიც მათ გზაში შემოხვდათ.ონორემ თანხმობა განაცხადა,თუმცა ერთი სანაძლეო პირობით: თუკი ვერ გამოიცნობდა რას წარმოადგენდნენ ქალბატონები,ასეთ შემთხვევაში თავად კისრულობდა რესტორანში ვახშამს.წინააღმდეგ შემთხვევაში კი,ბალზაკის უცხოელ მეგობარს მოუწევდა ჯიბეზე ხელის გაკვრა.
მეგობრები უმალვე უკან მობრუნდნენ და მანდილოსნებს მალულად აედევნენ.
- ქერათმიანი ქალბატონი,რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და, რომელსაც მოხდენილი შლიაპა ახურავს,ნამდვილი – პარიზელია.მას ჩემი აზრით,რამდენიმე დიდგვაროვანი საყვარელი ჰყავს და, როგორც ჩანს,ბოჰემური ცხოვრების დიდი მოტრფიალეცაა. – წარმოთქვა ბალზაკმა და იქვე განაგრძო: – ხოლო მეორე ქალბატონი,რომელიც სიმსუქნით გამოირჩევა და თავზეც ერთობ უხეირო შლიაპა ახურავს – ინგლისელია.ჩემის აზრით იგი ძალიან ძუნწია; ჰყავს ერთი ვაჟი,რომელიც ბებიასთან ცხოვრობს.
მას შემდეგ,რაც ონორემ თავისი შეხედულებები ჩამოაყალიბა,მეგობრებმა ორივე ქალბატონი მოწიწებით შეაჩერეს და რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.როგორც გაირკვა,მომაჯადოებელი მშვენიერების მქონე ქერათმიანი ქალბატონი,ეროვნებით – გერმანელი იყო; ჰყავდა დიპლომატი მეუღლე და ორი შვილი; გარდა ამისა,სძულდა ბოჰემური ცხოვრების წესი და გამოირჩეოდა პატიოსნებით.ხოლო მსუქანი ქალბატონი კი ეროვნებით – ფრანგი გახლდათ; იგი მსახიობი იყო და, როგორც გაირკვა,მსუბუქ ყოფაქცევითაც გამოირჩეოდა,რადგან გაცნობისთანავე ორივე,მისთვის უცნობი ადამიანი გაცნობისთანავე სავახშმოდ მიიწვია.
ონორე დე ბალზაკმა (მანდილოსნების სულიერი სამყაროს შესანიშნავმა მცოდნემ) მეგობართან ნიძლავის წაგება აღიარა და წაგებული სანაძლეოც ალალად გადაიხადა. (ავტორი გენია.ჯი)