მიხეილ ქვლივიძე – “გრამატიკული საკვირველებანი”
დაჰკვირვებიხართ,მეგობრებო,ზედსართავ სახელს:
არსებით სახელს როგორ უცვლის აზრსა და სახეს?
წარმოთქვამს კაცი,მაგალითად: “რა მშვიდი ზღვაა”,
სიტყვა “მშვიდს” შევცვლით “მღელვარეთი” და… უკვე სხვაა,
და უკვე ნაპირს ეხეთქება ტალღა ველური
და ტალღის ხმაში ისმის წყევლა და საყვედური!..
ან,მაგალითად,რომელიმე მოღვაწის სახელს
დაუმატებენ ჩვეულებრივ ზედსართავ სახელს
და იგი ვინაც “დედაენას” კითხულობს ძნელად,
“განათლდება” და “სწავლულ” კაცად იქცევა ხელათ!..
ზედსართავ სახელს შეუძლია ყველაფრის შეცვლა,
მის ნება-სურვილს ვემონებით მეცა და შენცა,
განუკითხავი მბრძანებელის უფლებით მოსილს,
მას არც სიმართლე,არც ტყუილი ეუცხოვება:
თუ მოისურვა,შეუძლია კალმის ერთ მოსმით
გადააქციოს “საამურად” ჩვენი ცხოვრება!..
მაგრამ მთავარი “ზედსართავი” მაინც არ არი:
საქმე ისაა,ვის უჭირავს ხელში კალამი?!