ჟაკ-ლუი დავიდი – “ველისარიუსი თხოულობს მოწყალებას”
“ველისარიუსი თხოულობს მოწყალებას” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და სახვით ხელოვნებაში ფრანგული ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - ჟაკ-ლუი დავიდის (1748-1825 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ მეტად ემოციური სიუჟეტის მქონე ბრწყინვალე სურათს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 288 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 312 სანტიმეტრი.როგორც ცნობილია,ჟაკ-ლუი დავიდმა თავისი სამხატვრო კარიერა როკოკოს სტილის ბატონობის პერიოდში დაიწყო.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ იგი ეცადა როკოკოს სტილის დიდებული წარმომადგენელი მხატვრის – ფრანსუა ბუშეს მოსწავლე გამხდარიყო,თუმცა ბუშესვე რჩევით,დავიდი ფრანგი მხატვრის – ჟოზეფ-მარი ვიენის მოწაფე გახდა.
1781 წელს დავიდმა მუშაობა დაიწყო სურათზე,სადაც ასახული გახლდათ ბიზანტიის იმპერიის ოდესღაც სახელოვანი მხედართმთავარი – ფლავიუს ველისარიუსი (500-565 წლები).გავრცელებული ლეგენდების თანახმად,თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ყველასაგან მიტოვებულმა ველისარიუსმა უკიდურეს სიღატაკეში გალია.ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ფლავიუსს შეთქმულებაში დასდო ბრალი,დააკავა და მთელი მისი ქონების კონფისკაცია მოახდინა.ამავე ლეგენდების მიხედვით,ბრმა,ხანდაზმული და ადამიანური უმადურობით წელშიგატეხილი ველისარიუსი იძულებული გახდა,თავი მოწყალების თხოვნით ერჩინა.დავიდმა სწორედ ის მომენტი ასახა თავის სურათზე,სადაც უსუსურ მდგომარეობაში მყოფი ოდესღაც სახელოვანი მხედართმთავარი გამვლელებს მოწყალების გაღებას სთხოვს. (ავტორი გენია.ჯი) სანამ აღნიშნულ ტილოზე მუშაობას დაიწყებდა მხატვარი,იგი ღრმად გაეცნო ანტიკური ხანის უძველეს წყაროებს და კარგად შეისწავლა იმავე პერიოდის არქიტექტურული ნაგებობები,რაც თვალნათლივ წარმოგვიდგინა კიდეც სურათზე.ველისარიუსის სამათხოვროდ გაწვდილი ხელები კარგად მეტყველებს მის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე.ბიჭუნა,რომელზედაც ფლავიუსს ხელი აქვს შემოხვეული,ხელში მუზარადი უჭირავს,რომელშიც ანტიკური ხანის ტანისამოსით შემოსილი ქალი თავის წილ მოწყალებას იღებს.მათ სიახლოვეს კი,ველისარიუსის უკიდურესი მდგომარეობით გაოცებული და შეშფოთებული სამხედრო პირი იმყოფება,რომელიც ერთ დროს ფლავიუსის არმიაში მსახურობდა.ზოგადად რომ ვტქვათ,დავიდის მიერ დახატულ ტილოზე შესანიშნავად არის აღბეჭდილი ადამიანების უმადური და გულგრილი დამოკიდებულება იმ პერსონის მიმართ,რომელმაც მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე – სამშობლოს მიუძღვნა… მიუხედავად იმისა,რომ ველისარიუსი ბიზანტიის იმპერიაში ცხოვრობდა,მხატვარმა მოქმედების კლასიკური პეიზაჟი რომში გადაიტანა და ველისარიუსი ძველ რომაული არქიტექტურული ქმნილების ფონზე ასახა.
დღესდღეობით,ჟაკ-ლუი დავიდის მიერ 1781 წელს დახატული შედევრი-სურათი – “ველისარიუსი თხოულობს მოწყალებას”,დაცულია საფრანგეთის ქალაქ ლილში მდებარე – სახვითი ხელოვნების სასახლეში. – (ავტორი გენია.ჯი)