ილია ჭავჭავაძე – “ვისთვის უნდა ვფიქრობდეთ,ვისთვის უნდა ვზრუნავდეთ,ვისთვის უნდა ვწერდეთ?!”

“ჩვენი დიდკაცობა,ჩვენი წარჩინებული მოხელენი გადაგვარების გზაზე არიან დამდგარნი,იმათ ქართულიც და ქართველობაც – ორივე ფეხზე ჰკიდიათ.ამათთვის წერა ტყუილი შრომა,წყლის ნაყვა იქნება.

ჩვენს რუსულ ინსტიტუტებში გამოზრდილ,თუ სხვა ამგვარი ნასწავლი ქალებისათვის? ესენიც სულ მთლად დაკარგულები არიან ჩვენთვის. და სამწუხარო უფრო ის არის,რომ ესენი თავიანთ შვილებსაც გადაგვარების გზაზე დააყენებენ.ამათთვის ვსწეროთ? ეს ხომ ენის უაზრო ბრეგვა იქნება.აბა რას გავაგებინებთ იმათ,ვისაც ისიც კი დაჰვიწყებია,თუ რას ჰქვიან პანტა.განა სავალალო და სამწუხარო არ არის,რომ ქართველი ადამიანი ქართულ სოფელში მიდიოდეს და კითხულობდეს: qu’est due ce la panta?.. ესე იგი,რა არის პანტაო?

იქნებ,ჩვენი ინტელიგენციისათვის უნდა ვწეროთ? მაგრამ ამათაც რუსული გაზეთების კითხვა უფრო ეხერხებათ,ვიდრე ქართულისა.ამათთვისაც წერა ყრუთათვის ზარის რეკვას მიემსგავსებოდა.

მაშ,ვინღა დარჩა? ის,ვინც საქართველოს პირველი ქვაკუთხედი იყო,ვინც ისტორიულ ქარტეხილს,წვა-დაგვას გაუძლო და ქვეყანა გააშენა.ეს ის მაგარი,მკვიდრი მუხაა,რომელიც ქარცეცხლს უძლებს და არ ეცემა.ეს არის ჩვენი გლეხობა,ეს არის ჩვენი მუშა ხალხი,რომელიც თავის მარჯვენით თავსაც ინახავს და ქვეყანასაც საკვებავს აძლევს. (ავტორი გენია.ჯი) ესენი არიან ჩვენი მუხის – საქართველოს ფესვები,ესენი ამზადებენ იმ საკვებავ წვენს,რომლითაც საზრდო და ღონე ეძლევა მუხის მთელ ტანს.ამათი მეოხებით იმოსება ხე ფოთლებით,ყვავილებით და მოაქვს ნაყოფი.დეე,კენწეროები გაუხმეს ხეს,ფოთლები შემოსცვივდეს,ყვავილები შემოაჭკნეს, – არა უშავს რა,ოღონდ ძალა და ღონე არ გამოელიოთ ფესვებს: ხე ხელახლად შეიმოსება ფოთლით და ყვავილით, და უხვად გამოიღებს ნაყოფს.ხე არ კვდება,თუ ფესვები მაგარი,ღონიერი აქვს.

აი,სწორედ ეს ფესვებია ჩვენი მდაბიო ხალხი,ჩვენი გლეხობა.თუ ეს ფესვები მაგრად გვექნება შენახული,კარგად მოვლილი,მაშინ ჩვენს საქართველოს განსაცდელი არ მოელის,კვლავ გამხნევდება და გაძლიერდება.დეე,ჩვენი წარჩინებულნი განადგურდნენ,როგორც გამხმარი კენწეროები.ამათ ადგილას სხვა უფრო ღონიერი და ჯანსაღი ყლორტები ამოვა.

და აი,სწორედ ამ ფესვებს უნდა მოვუაროთ ჩვენც.ამ მდაბიო ხალხისთვის,მუშა-გლეხობისათვის უნდა ვიზრუნოთ.ჩვენს მოვლას,ჩვენს ზრუნვას ფასი ექნება მხოლოდ მაშინ,თუ იმათი ენით დავიწყებთ ლაპარაკს,თუ ჩვენი სიტყვა იმათ ყურს მისწვდება,იმათ გულს მოხვდება.აი გეგმა ჩვენის მუშაობისა.აი,ვისთვის უნდა ვფიქრობდეთ,ვისთვის უნდა ვზრუნავდეთ,ვისთვის უნდა ვწერდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>