დუტუ მეგრელი – “მთას”
ნეტა შენ,მთაო,ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,
ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი,
და დგეხარ შენთვის,დიდებული,თავისუფალი,
არავის მონა,არც არავის ბატონ-უფალი!
* * *
დგეხარ დღიდანვე გაჩენისა და კვლავ იდგები;
ვერას გაკლებენ ათასობით მიმქროლი წლები:
მოდგმა მოდგმას სცვლის შენს გარშემო და ერი ერსა,
შენ-კი,რაც იყავ,იგივე ხარ,არ იცვლი ფერსა!
* * *
დილას მზის სხივნი ყველაზე წინ შენ გეხვევიან;
ათას ფრად მბრჭყვინავ ძვირფას თვლებად ზედ გებნევიან;
და საღამოსაც,რა გვირგვინად დაგედგმებიან,
კვლავ ყველაზედვე უფრო გვიან გეთხოვებიან!
* * *
შენთვის ერთია,ავდარია,თუ არის დარი,
მყუდროებაა,თუ ზუზუნებს და კვნესის ქარი;
დღეა მშფოთავი,თუ ღამეა,მშვიდი და წყნარი;
მზე დაგქათქათებს,თუ დაგნათის მთვარე,ნარნარი!
* * *
როცა დარია,შორს,შორს სჩანხარ,გაბრწყინებული,
ზღაპრულ,გამჭირვალ,ლურჯ პირბადე აფარებული;
როცა ავდარი, – შავის ნისლით ხარ შებურვილი,
თითქო ცოდნისაც,გარს რა ხდება,არ გაქვს სურვილი!
* * *
დე,წვიმდეს,თოვდეს!.. დე,ელავდეს,ქუხდეს გრგვინავდეს!
მთელი ქვეყანა შიშისაგან ძრწოდეს,გმინავდეს
და ცა წალეკვას იმუქროდეს,განრისხებული,
შენ ყურს არ უგდებ, – დგეხარ ისევ დამშვიდებული!..
* * *
სხვას არას ართმევ და, რაცა გაქვს,სხვისთვის არა გშურს
ყველა სარგებლობს სიმდიდრითა შენით,ვისაც სურს:
მწერი,ქვემძრომი,ტყის ნადირი და ცის ფრინველი -
ყველასთვის სუფრა გაშლილია,დაულეველი!
* * *
და თვითონ კაციც,თავს ბუნების მეფედ რომ სახავს,
თუმც შენს მწვერვალზედ ამოსული არც-კი გინახავს,
და, ძლივს მცოცავი იქ,ძირს სადღაც უფრო მატლსა ჰგავს,
ხან საშოვრისთვის,ხან საამოდ ხშირად მოგმართავს!
* * *
და თან ჰგონია,ვით სამყაროს მცირე ნაწილი,
შენც მხოლოდ იმი მოსახმარად ხარ გაჩენილი!..
რა გენაღვლება?.. დე,ოცნებით ამით იცოცხლოს,
სანამ,ვით მატლსვე,არ მოუღებს სიკვდილი ბოლოს!..
* * *
ნეტა შენ,მთაო,ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,
ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი!
ნეტავ შენ,მთაო,დიდებულო,თავისუფალო,
არავის მონავ,არც არავის ბატონ-უფალო!