აკაკი წერეთელი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ქართველმა პოეტმა,მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ - აკაკი წერეთელმა (1840-1915 წლები) პოლონური წარმომავლობის მქონე რუს ქალზე – ნატალია ბაზილევსკაიაზე ჯვარი 1864 წელს დაიწერა.აკაკის თანამეცხედრე ოქროს მადნების მდიდარი მაგნატის – პეტრე ბაზილევსკის (1831-1883 წლები) ქალიშვილი გახლდათ.დიდი ქართველი მგოსნის სიმამრს,როგორც აურაცხელი სიმდიდრის მფლობელს,მთელ რუსეთში ჰქონდა სახელი განთქმული. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,აკაკის მეუღლესაც მზითევში საკმაოდ დიდი სიმდიდრე მოჰყვა,თუმცა პარიზსა და პეტერბურგში მოგზაურობებმა ბაზილევსკაიას მზითვად მოტანილ სიმდიდრეს მალევე მოუღო ბოლო.გამოჩენილი ქართველი მწერალი და ჟურნალისტი – იაკობ მანსვეტაშვილი იუწყებოდა,რომ აკაკი ცოლის შერთვას საერთოდ არ აპირებდა,თუმცა ნატალიას სიმდიდრემ იმდენად მოხიბლა,რომ მის პირვანდელ გადაწყვეტილებაზე ხელი ააღებინაო.ნატალია ბაზილევსკაიასთან ქორწინებით წერეთელს დიდი სიმდიდრე კი შეუძენია,მაგრამ ამ სიმდიდრეს მოჰყოლია ვარამი,თავისი მეუღლის სახით: ნატალიას თავისი უხიაგი ხასიათით დიდი ქართველი მგოსნისათვის მთელი სიცოცხლე გაუმწარებიაო, – წერდა იაკობი.მანსვეტაშვილისვე გადმოცემით,ერთხელ,აღელვებული აკაკი იაკობთან სახლში საღამოს თერთმეტ საათზე მისულა და უთხოვია ღამე თქვენთან უნდა გამატარებინოთო (იმ დროს მანსვეტასვილი და ილიკო ბახტაძე ერთ ბინაში ცხოვრობდნენ).
- რა ამბავია,აკაკი,რა მოგსვლია? – დაეკითხეს აკაკის.
- ღმერთმა რომ ამოაგდოს ჩემი ცოლი: ისეთი ჩხუბი ამიტეხა,ისეთი ამბავი დამაწია,გვიან რად მოდიხარ შინაო,რომ ვეღარ გავუძელ და გამოვიქეციო. – უპასუხია წერეთელს.
აკაკი და ასეთ ყოფაში? მეწყინა,მაგრამ თანაც მომაგონდა გენიალური ფრანგი დრამატურგის სიტყვები: “ეგ გინდოდა,ჟორჟ დანდენ!” ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ: “ახია შენზეო!” – გვაუწყებდა მანსვეტაშვილი.ცნობილია ისიც,რომ პეტერბურგის მდიდრულ წრეებში აღზრდილმა ბაზილევსკაიამ ვერც საქართველოს შეთვისება და შეყვარება შეძლო და ვერც ქართველი ერისა.
აკაკის და ნატალიას თანაცხოვრებაში ერთადერთი ვაჟი – ალექსანდრე შეეძინათ.დედა-შვილი საკმაოდ ხშირ ვოიაჟებს აწყობდნენ პარიზში,ნიცაში,ბერლინსა და მილანში,რის გამოც გამუდმებით მოითხოვდნენ აკაკისაგან ფულს.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ აკაკი დიდ ვალებში ჩაეფლო.მიუხედავად მრავალი თხოვნისა,წერეთლის ცოლ-შვილი საქართველოში ჩამოსვლისაგან მაინც თავს იკავებდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქართული ენის დიდოდსტატის ვაჟმა არა მხოლოდ ქართული ენა არ იცოდა (რომლის შესწავლასაც ამაოდ ემუდარებოდა მამა),არამედ სხვაფრივაც ქართველობისაც არაფერი ეტყობოდა.თვითმხილველების გადმოცემის თანახმად,წერეთლის ცოლ-შვილი ქართველობის დიდი სიყვარულით ვერ დაიტრაბახებდა.ოჯახურ სითბოს მოკლებული ქართველი მგოსანი 1915 წლის 8 თებერვალს მშობლიურ სხვიტორში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა,ხოლო ნატალია ბაზილევსკაია და ალექსი წერეთელი კი საფრანგეთში აღესრულნენ და იქვე,პარიზის სიახლოვეს დაკრძალეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ნატალია ბაზილევსკაია