დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – “ვნახე ჭაბუკი უმწეოდ”

ვნახე ჭაბუკი უმწეოდ

მინდორში ეგდო,ჰკვდებოდა:

მტრის ხმალს გაეპო გულ-მკერდი,

წყეულს არ შეჰბრალებოდა.

გმირს წართმევოდა ძალ-ღონე,

ფარ-ხმალი ოხრად რჩებოდა,

სისხლი მოჰქუხდა ჩანჩქერად,

გარს მორევ-გუბედ დგებოდა.

ბუნება ჰგლოვდა ვაჟკაცსა,

ჯანღ-ნისლით იბურებოდა,

მზე შავს პირ-ბადეს იხვევდა,

ზეცა ცრემლებად დნებოდა…

თმა ასწეწოდა მშვენიერს,

ოფლი ცვარ-ცვარად სდიოდა,

ბაგე უთრთოდა,ლომ-გმირის

ენას ვეღარას სჩიოდა…

* * *

ხან შესწყვეტავდა კვნესასა,

ხან მწარედ აღშფოთდებოდა,

ხან მიჰბნედავდა თვალებსა,

ხან გიჟებრ იხედებოდა,

ვინ იცის,ვის ლანდს ჰხედავდა

ვისის ალერსის ჩვეული,

აქ უპატრონოდ მდებარე,

გულზე სისხლს-გადანთხეული…

ვის ნარნარ სიტყვებს ისმენდა;

ვინ ეჭდობოდა ყელით ყელს

და ტრფობით უედემებდა

ამ ჯოჯოხეთურ სარეცელს…

ცოცხალმა შურით შევხედე

მომაკვდავს,ჩემს წინ მდებარეს,

შევნატრე,ცრემლი შევურთე

სისხლს,მისგან გადმომჩქეფარეს…

მერე შემშურდა საწყლისა,

მისი რა მენატრებოდა?

- მე მკლავდა მოყვრის მახვილი.

ის კი – მტრის ხმალით ჰკვდებოდა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>