მურმან ლებანიძე – “ეგ – არაფერი”

ეგ – არაფერი,

ჩემო ქრისტო,ჩემო ღალაკო,

ჩემო ფირანა,

წინაპარო და ამხანაგო,

ჩემო სილოვან,

უწინ გლეხო,მერე დალაქო,

ეგ – არაფერი,

რომ გლეხკაცმა გაიქალაქოს,

ჭიბრევის გზაზე

რომ ტალახი ისევ ტალახობს,

რომ ძველ ვენახში,

ჩვენს ვენახში ხარი ბალახობს!

ეგ – არაფერი,

ჩემო სეფე და ჩემო რაჟდენ,

ჩემო ღინტორა,

რომ ფარახეთს მიწები დაცდენ,

ჩემო ოქრუა,

რომ კვაშხიეთს ბუხრები დაშთენ,

რომ ჟანგიანი

ბოქლომები ჭიშკარზე გაჩდენ,

ეგ – არაფერი,

რომ ჩვენები,ძველები გაწყდენ,

ხოლო ახლები

მახრჩობელა დახლებში დასხდენ!..

თქვენ ეს მითხარით,

ეს მითხარით,რა ვართ,რა რჯული?!

გარდა იმისა,

რომ დავკარგეთ თავად წარსული,

რომ ახმა ვაზი,

ჩაქრა კერა მრავალტანჯული,

რომ მუცლის ქონით

დღეს სამოსი გვაქვს აჩაჩული,

რომ უბე-ჯიბე

ხელის ჭუჭყით გვაქვს დაჯარჯული,

პატიოსნებაც

ხომ არ წახდა ჩვენი,რაჭული ?!

მოწყენილ სოფლებს -

აღარც სტვირი,აღარც ფანდური!

გაპარტახება,

მყუდროება მზარავს საყდრული!

აღარც ვაზის მყნობა,

არც შვება მაღალმხატვრული!

არც ქალის წკვრელა,

არც ყიჟინა ახალგაზრდული!

აღარც ,,ქვედრულა”

და ფერხული მრავალსართული!

აღარც მომსვლელი

და, პასუხად,აღარც დამხვდური!

ქალამნის ჭვინტში

აბრეშუმის ბალახით – თომით,

საქართველოსთვის

საიმედო (ფუძეზე დგომით!!!)

მტერზე მიმსვლელი

გულუბრყვილო დევკაცის წყრომით,

სხვა დროს გართული

თავის ვაზით,ხორბლით და ღომით,

აქ ნაშენობდა,

აქ მრავლობდა,განთქმული შრომით,

ჩვენი ბრძენი და

თავმდაბალი ქართული ტომი!..

კი,კი,ბატონო,

რომ არ ადგა მთის კაცს საშველი,

კი გადიოდა

საშოვარზე ძველი რაჭველი,

მაგრამ ნაშოვრის

კურთხეული მისი მარჯვენით

კვლავ რაჭაში და

კვლავ რაჭისთვის იყო მხარჯველი

და, სადაც იყო,

თან დასდევდა ფიქრი მტანჯველი

და თვალწინ ედგა

უტკბილესი მიწის ნაჭერი :

,,პორტ-არგუმენტში ვართაო,

ცხენის ხორცსა ვჭამთაო,

ქვე,გზის ფული თუ ვიშოვნეთ,

მალე ჩამოვალთაო”…

ან :

,,დამისხი,დამალევიე,

ჭკუას მოვალ,გონებასაო -

რაჭას წასვლა მირჩევნია

მილიონის ქონებასაო!..”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>