გიორგი ქუჩიშვილი – “ჩემი ფიქრები”
შემოღამდება და ვარსკვლავები
ცაზე კენტ-კენტად აენთებიან,
ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს,
ურმულის ხმებიც შორს მიწყდებიან;
მხოლოდ ფიქრები,ჩემი ფიქრები
არ დაცხრებიან,არ დადგებიან:
მესტუმრებიან შუაღამისას,
გამაღვიძებენ,ამეშლებიან,
წამომაგდებენ სახეტიალოდ,
თან მხლებლებივით გამომყვებიან,
დამატარეენ ტანჯულთა უბნებს,
დამაღონებენ,დაღონდებიან,
დამძიმდებიან ხალხის ცრემლებით,
დაიღლებიან,დაოსდებიან,
მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში
და ჩემთან ერთად ატირდებიან…