ალიო მირცხულავა – “ვერხვი”
კლდეზე ვდგავარ თეთრი ვერხვი,მხრები ამიტოტებია,
ვინმე ხრამში თუ გადასცდა – ხელი გამიწოდებია,
მეხს ვარიდებ მოზარდ ვერხვებს – ტანი აუშოლტებიათ,
ფრთებს ისხამენ მტრედები და საბუდარებს შორდებიან,
ახლაც ვებრძვი ქარს და წვიმას,გული აუშფოთებია,
თუ სიტყვები მცვივა,განა შემოდგომის ფოთლებია?
* * *
მცვივა,განა მცილდებიან,
თრთიან,განა ხუნდებიან,
ადრე აბიბინდებიან,უფრო ადრე ბრუნდებიან,
განა მწუხრის ბინდებია – ეს მტრედების გუნდებია,
მხრებზე დამაფრინდებიან,ტკბილად აღუღუნდებიან.
* * *
ჰე,მამულო,შენს თეთრ გუშაგს განა რული მორევია,
ფესვი მიდგას შენს მიწაში,ირგვლივ ქარის მორევია,
გაჰქრა ღამე,აღარც ომი,აღარც სისხლის ტბორევია,
ეს ჭრილობაც,ეს ღიმილიც ტყვიის ნაამბორევია.
* * *
მეც ვშფოთავდი! საგულეში ცეცხლის ალი ფრიალებდა,
წკრიალებდა გულის კარი,თუ ცისკარი ჭრიალებდა,
მეც ვშფოთავდი და ფიქრებში ტევრი მწარედ შრიალებდა,
ჩრდილზე ფეხს რომ დამადგამდნენ,ტანში გამაჟრჯიალებდა.
* * *
შენ გიცავდი,შენთვის დამჭრეს,შეწყდა სისხლი და იარა,
შემიხორცდა ნატყვიარი და ტკივილმაც გაიარა.