ნოე ჩხიკვაძე – “კითხვა-პასუხი”

როს ჭრილობით იტანჯები,გეწამლება სული,

სიკვდილს ებრძვი,გებინდება სიყრმის გაზაფხული,

ან ტყვედ ჰყავხარ მარტოობას,უნუგეშო სევდას:

ვის იგონებ? ვის ეძახი,განგიკურნოს წყლული?

- მარად ტკბილსა და საყვარელს,დაუვიწყარ დედას!

* * *

როს შორეულ უცხოეთში მწუხარებას ჰმონებ,

თვალი ცრემლით გენამება,ფიქრით გულს იღონებ,

სწუნობ,ვეღარ ეგუები სხვა მზესა და მდელოს:

ვისზე ფიქრობ? მწარე კვნესით,ოხვრით ვის იგონებ?

- ჩემს სამშობლოს საყვარელსა,ტურფა საქართველოს!

* * *

შორს მყოფს კარზე რომ მოგადგეს უღვთო აღსასრული,

გულმა ცემა გაანელოს,შეგიღონდეს სული,

ჩადიოდეს შენი დილა,ყოფნა შავს კუბოში.

სად ინატრებ,სად ისურვებ იჰქმნე დამარხული?

- ჩემს დედასთან,დაუვიწყარ,ნეტარ სამშობლოში!

* * *

ორი მტერი რომ გაგიჩდეს ვაჟკაცს ძალა-სრულსა,

ერთი ერსა გიჩაგრავდეს,საყვარელ მამულსა,

მეორე კი,პირად სატრფოს,პირად საყვარელსა,

პირველ მახვილს რომელს ჩასცემ,ვის გაუპობ გულსა?

- ჩემს სამშობლოს მოღალატეს,ერის დამჩაგვრელსა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>