ტიციან ტაბიძე – “მეარღნეები და პოეტები”

… და ალიონზე თეთრ დუქანთან

სტირის არღანი.

მტკვარი ახლოა,უნდა მტკვარში

თავი დაიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის

არა მაქვს ღონე,

მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში

თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები

მაშ არაგვიდან,

რაც იყოს,ამ ქეიფსაც

ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი

ლექსი დარჩება,

განა გავხდებით პოეტები

ლექსის ჩარჩებად?..

- ნინა,ნინა,ჩემო ნინა

გათხოვება ხომ არ გინდა?

- გათხოვება რომ მინდოდეს,

შენი კითხვა მე რად მინდა?

ასე მეარღნე,დაამტვრიე,

დასცხე,გეთაყვა,

აბა რად გიღირს ერთი ძველი

შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული

ამ მტკვარს თან გაჰყვა,

ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება

ეხლაც ჯამბაზი.

- “შაბათი  რომ დაღამდება,

კვირა გათენდება,

თამრიკო მოწამლულა,

რაღა მეშველება?”

ტყვილი იქნება,ჩემო ძმაო,

თავს ვინ იწამლავს?

ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად

ჰქვიოდა თამრო!

ის სხვა სიყვარულს უეჭველად

გულში იმალავს,

რამდენიც გინდა,თვითონ ვიცი,

იმას ჰყავს საქმრო…

ჩემო მეარღნევ,გენაცვალე,

წაიღე სული,

საქართველოში ნეტა ასე

ვინმეს ვუყვარდე!

რა ვუყოთ მერე,პოეტი ვარ

ხელით წასული,

საქართველოში ხომ ფეტვივით

სთესავენ ვარდებს!

ვიცი გიყვარვარ,ასე მწარედ

მიტირებ არღანს,

ვიცი გიყვარვარ,რომ არ გინდა

მოკვდეს თამარი.

შენ,ჩემო ძმაო,თუ მოკვდები

არვინ დაგმარხავს,

თავის სამარხი ზედ გარტყია

ვერცხლის ქამარი.

ცდები,მეარღნევ,გათხოვდება

ეგ შენი ნინა!

არ დაიჯერო,ის თამრიკოც

რომ მოიწამლოს.

ქალი ქალია,დიდხან უქმროდ

რამ არონია,

ქალი ქალია და იშოვის

თავის მალამოს.

უბრალოდ ვკვდებით მეარღნენი

და პოეტები,

მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც

გვეპატიება…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>