მურმან ლებანიძე – “ეს ბრძოლები,ეს მორევი…”

ეს ბრძოლები,ეს მორევი,ეს – ცხოვრების ყაყანი -

ყველაფერი ძველია და ყველაფერი ახალი!

* * *

რაც კაცის გულს ახარებდა,ისევ ისე ახარებს;

ისევ დაჰფრენს პოეზია ღვინოს,დუდუკს და ქალებს.

* * *

უმღერიან,რა ხანია,მაგ სამს მრავალჟამიერს,

მაინც – მარადახალია,მაღალია სამივე.

* * *

და მეც,ბევრჯერ დავიქეცი,ბევრჯერ მექცა წამებად,

მაინც ვერსად გავექეცი სიყვარულის სამებას…

* * *

დასახვრეტად რომ მივყავდე მთელ პოლკს ავტომატებით,

გულო ჩემო,საგულედან ერთს კი გადმოვარდები,

და შევძახებ: – ხომ ასეა,მაინც ვაშა ამურს!

ღვინოს,დუდუკს,პოეზიას და ცხოვრების ხმაურს!

კომენტარის დატოვება