იოსებ გრიშაშვილი – “გენიოსების ბედი თბილისის ბაზარზე”

ქვევით,ბაზარზე,კვირადღით,ვანქთან,

მტვრიან ქუჩებში,დამპალ ჰავაზე,

წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა:

შოთა,აკაკი და ჭავჭავაძე.

* * *

“მე თეკლასი ვარ!” – ასე ეწერა

ერთ წიგნს,დაბეჭდილს ვახტანგის თეგზე;

და მეორეზე – ყრუდ,ალმაცერად:

“ნუღარ ვიფიქრებთ ილიას თერგზე!”

* * *

სხვაში – კვნესოდა ქართულ რომეოს

და ჯულიეტას წმინდა წარსული;

ერთშიც – თუთუნი იდო,რომელსაც

ჰქონდა მუშკამბრის ქალწული სუნი.

* * *

და გავიფიქრე: ვინ არის ნეტა

ამის პატრონი ან გამყიდველი,

რომ პარკებისთვის გამოიმეტა

დავით რექტორის ნაწერი ძველი?!

* * *

იქნებ მის ბედი ბეწვზე ჰკიდია?

ან დამათხოვრობს,ან ავად არის -

და გროშის ფასად გაუყიდია

წიგნი სათუთი,ნათავადარი.

* * *

აი სად ჰყრია ჩვენი დიდება!

ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა!

აი ქართლის ხმა სად იყიდება, -

ჯავახიშვილო და ინგოროყვა!!.

კომენტარის დატოვება