ილია ჭავჭავაძის მეეტლის – თედო ლაბაურის ჩვენება დაკითხვაზე…
„იმის შიშით, რომ დამიზარალდებოდა მთელი ჩემი ოჯახი, მე აქამდე ვერ ვბედავდი მეთქვა სრული სიმართლე იმაზე, თუ როგორ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და ვინ იყვნენ მისი მკვლელები. ახლა კი, მიუხედავად მუქარისა, გადავწყვიტე ყველაფერი ვთქვა.
როცა სოფელ წიწამურს გავცდით, საფარიდან გადმოხტა ახტანელი გიგოლა ბერბიჭაშვილი – ეს ისაა, რომელზედაც წინათ ვამბობდი, რომ ერთად ვიხდიდით სამხედრო სამსახურს. ბერბიჭაშვილმა დამიყვირა, გაჩერდიო, ხოლო თავადმა თავის მხრივ მიყვირა, ცხენები გარეკეო. მე გავრეკე, მაგრამ ვინაიდან ცხენები უკვე დაღლილი იყვნენ, და, გარდა ამისა, გზა ტალახიანი იყო, ბოროტგანმზრახველებმა მოასწრეს წინ გადარბენა და ცხენების შეჩერება. ბერბიჭაშვილმა ცხენების წინ გადაირბინა გზის მეორე მხარეს. სწორედ ამ დროს მსახური იაკობი, ეტყობა შეშინებული, კოფოდან ჩამოხტა და ბუჩქებისაკენ გაიქცა არაგვის მხარეს. ხელში მას თოფი ეჭირა. გაეკიდა თუ არა ვინმე იაკობს და, კერძოდ, ვინ, სრულიად არ შემინიშნავს, რადგან ჩამოხტა თუ არა იაკობი კოფოდან, ბერბიჭაშვილმა თავადს ესროლა… (ავტორი გენია.ჯი)
ეს იყო პირველი გასროლა. თავადი მაშინ ფაიტონში იჯდა და მე დავინახე, რომ სროლის შემდეგ იგი გზაზე გადავარდა. ვიღაცამ, მაგრამ არ მახსოვს ვინ, მიირბინა ეტლთან კნეინას მხრიდან. ვიმეორებ, რომ არ დამინახავს, როგორ სცემდნენ კნეინას თავში, მაგრამ რომ თავპირი დამტვრეული ჰქონდა, მახსოვს.
სულ მოხდა, ჩემი აზრით, ოთხი გასროლა, მაგრამ ვინ ისროლა ბერბიჭაშვილის გარდა, ვერ გეტყვით. ვიმეორებ: არ დამინახავს, როგორ მოკლეს იაკობი და არ ვიცი, გაისროლა მან თუ არა…
იმის შემდეგ, რაც თავადი მოკლეს, დავინახე, რომ ისიც და კნეინაც ბერბიჭაშვილმა და ინაშვილმა გაძარცვეს. კნეინას ჩამოხსნეს ბროში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფაიტონში იჯდა. როგორ აღმოჩნდა იგი შემდეგ გზის მეორე მხარესზე, თავადის გვერდით, ესე იგი იმის საწინააღმდეგოდ, სადაც იჯდა, ახსნა არ შემიძლია, გამოათრიეს თუ როგორმე თვითონ გადავარდა გზაზე, მე არ შემინიშნავს…
როცა ყველაფერი დამთავრდა, თავდამსხმელებმა მე მომმართეს სიტყვებით, რომ მე, როცა დამიწყებენ გამოკითხვას მომხდარის შესახებ, მეთქვა მხოლოდ, რომ ისინი, ვინც თავს დაგვესხა, ჩაცმულნი იყვნენ ოფიცრის ტანსაცმელში და თავზე ფაფახები ეხურათ. ხოლო მე თუ გავბედავდი იმის თქმას, რომ ისინი ჩოხებში და ჩაბალახებში იყვნენ, გადამიწვავდნენ სახლს და ამომიხოცავდნენ მთელ ოჯახს, რომელსაც დედაჩემი და ორი ძმა შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი)
შემდეგ, გაიყოლეს რა ნაძარცვი, ყველანი წავიდნენ უკან, ჯერ გზით წიწამურისაკენ, მერე გადაუხვიეს ტყეში იმ ადგილას, საიდანაც პირველად გამოვიდნენ, და მთას შეუდგნენ.
მე უკვე გითხარით, რომ თავდამსხმელთა რიცხვში იყვნენ პავლე ფშავლიშვილი (იგივე აფციაური) და ახტანელი, რომელსაც სახელით არ ვახსენებდი. ამ ახტანელს ჰქვია გიგოლა ბერბიჭაშვილი. ახლა ვასახელებ დანარჩენ ორსაც, რადგან სულ ოთხნი იყვნენ, როგორც თავიდანვე ვამბობდი. მესამე იყო სოფელ ახალსოფლის ყოფილი მამასახლისი – ვანო ინაშვილი და მეოთხე, საგურამოში თავადთან რომ მსახურობდა – გიგო მოძღვრიშვილი…
ვიმეორებ, ყველა ისინი თოფებით იყვნენ შეიარაღებულნი. ვინ წაიღო თოფი, იაკობს რომ ხელთ ჰქონდა, არ შემინიშნავს, არც ის შემინიშნავს, თუ დაიჭრა ვინმე თავდამსხმელთაგან. აი სრული სიმართლე და ყველაფერი, რაც მე ვიცი…”